ვანო მერაბიშვილის განცხადება

მერაბიშვილი: ნუ მისცემთ ივანიშვილს საშუალებას, მიაფუჩეჩოს ეს საქმე

Vano Merabishvili
Tabula

ვანო მერაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელიც მისმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში წაიკითხა. გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

"დღეს 24 დეკემბერია. უკვე ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მე მატროსოვის ციხიდან გამიტაცეს და ერთი კვირა მას შემდეგ, რაც მე ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ვალდებული იყო ჩემი განცხადების შემდეგ გამოძიება დაეწყო, ეს დღემდე არ გაკეთებულა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც გამოძიების დაწყება მოითხოვა. ყველასათვის ცხადია, რომ მათი განცხადებები არა კონკრეტულად ჩემი, არამედ კანონის უზენაესობის დაცვას ემსახურება. დღეს საპარლამეტო უმრავლესობამ უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც.

მთავრობამ განაცხადა, რომ საქმეს სასჯელაღსრულების გენინსპექცია გამოიძიებს, თუმცა, შემთხვევიდან ათი დღის თავზე მე ჯერ არავინ დამკავშირებია და ამ ფაქტის ირგვლივ ინფორმაცია არ მოუთხოვია. როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებიდან შევიტყვე, ჯერ ვიდეოფირებიც არ არის ამოღებული, უფრო მეტიც, პროკურატურამ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ "არ იციან", ფირები საერთოდ არსებობს, თუ არა.

მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ნუ მისცემთ ივანიშვილს საშუალებას, მიაფუჩეჩოს ეს საქმე და გვერდი აუაროს კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემას. ამით, არა მხოლოდ ჩემს, პირველ რიგში თქვენს უფლებებს დაიცავთ. გახსოვდეთ, პროკურატურა ყაჩაღის ხელშია".

კომენტარები