შობა

თეოლოგიის დოქტორი მალხაზ სონღულაშვილი: პრეზიდენტს ვინმემ უნდა ურჩიოს!

0 კომენტარი
ფოტო: ნანო სარალიშვილი

თეოლოგიის დოქტორი მალხაზ სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კათოლიკეებისთვის შობის მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: 

"იმ ქრისტიანების სახელით, ვინც დღეს შობას ზეიმობს და ვისაც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შობა არ მიულოცა, მინდა პრეზიდენტს მოვულოცო მაცხოვრის შობის დღესასწაული და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში.

დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა მრჩეველი, რომელიც მას აუხსნიდა, რომ 25 დეკემბერი მარტო "კათოლიკეების შობა" კი არ არის, არამედ მთელი პროტესტანული სამყაროსი და ასევე მართლმადიდებელითა დიდი ნაწილისაც (ცხადია, რუსეთის ორბიტის ეკლესიების გამოკლებით).

პრეზიდენტი, ჩვენი აზრით, ქვეყნის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ერთობის სიმბოლოც არის და ამიტომ იგი თავის აზროვნებაში უნდა აერთიანებდეს ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობისა და ორიენტაციის, რელიგიურსა თუ არარელიგიურ ადამიანს, რომელიც საქართველოს მკვიდრია. თუ ჩვენ თვითონ დავანაწევრებთ ჩვენ საზოგადოებას ჩვენს აზროვნებაში, რა გასაკვირი იქნება, რომ ამ საზოგადოების ერთობას ბზარები გაუჩნდეს და დანაწევრდეს. ამ წინებზე ვიღაცამ თქვა "ასე ევროპაში ვერ წავალთო". ახლა აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, სად წავალთ და სად არა, არამედ იმაზე თუ რანი ვართ.

საქართველოში 25 დეკემბერს შობას ზეიმობენ ქართველი კათოლიკეები და პროტესტანტები (სიტყვა "ქართველ"-ში მე ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეს). თბილისის მერმა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში უკვე დაამკვიდრა რელიგიური მრავალფეროვნების ზეიმის ტრადიცია. ამის ნიშნად შობა ღამის წირვაზე იგი კათოლიკეების გარდა ეწვია ქართველ პროტესტანტებსაც (მშვიდობის კათედრალს - ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია და ორმოცდაათიანელთა ტაძარს). ალბათ ურიგო არ იქნება, თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშს გაუწევენ და დააფასებენ ქვეყნის რელიგიურ მრავალფეროვნებას და ჩვენში დამკვიდრებული ტოლერანტობის ტრადიციებს.

შეიძლება ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ცხოვრება ხომ უამრავი ასეთი დეტალისგან შედგება, რომელსაც ანგარიში უსათუოოდ უნდა გაუწიოს ადამიანმა!?".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები