ოთარ ფარცხალაძის საქმე

ზურაბ ჯაფარიძე: ოთარ ფარცხალაძის დიპლომი ყალბია

საჯაროდ პირველად დღეს გამოჩენილი მთავარი პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს კითხვები აქვთ. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დიპლომი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ყალბია. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავარმა პროკურორმა სკოლა 1992 წელს დაამთავრა და 1995 წელს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს ვერ მიიღებდა.

მისივე თქმით, ფარცხალაძის დიპლომში ციფრები გაყალბებულია და დიპლომზე დარტყმულ ბეჭედსაც არანაირი ნომერი არ აქვს.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დიპლომის ასლი გუშინ გამოაქვეყნა . დოკუმენტის მიხედვით, მან საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს ჩააბარა და 1995 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა.

საჯარო რეესტრის ბაზაში მოპოვებული დოკუმენტი კი აჩვენებს, რომ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არ არსებობდა და ის მხოლოდ 1992 წლის 2 ივნისს განათლების სამინისტროს ნებართვით შემდეგ შეიქმნა.

1991 წელს საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის მხოლოდ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, ეკოლოგიის ხელოვნებათმცოდნეობისა და ტურიზმის მართვის სწავლების უფლება ჰქონდა.

კომენტარები