გიგი უგულავას საქმე

უგულავა სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ გიგი უგულავას ინტერესების დამცველი ადვოკატების და პროკურორების საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მოსამართლე გიორგი მიროტაძის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა არც პროკურორების საჩივარი უგულავას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით და არც ქალაქის მერის ადვოკატების საჩივარი მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

გიგი უგულავა საამრთლებრივი ბრძოლის გაგრძელებას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ უგულავა განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"პარტიზანული მოსამართლეობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ ჩემს ადვოკატს ტელეფონით შეატყობინეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უფლებამოსილების შეწყვეტა, შეჩერება თუ გადაყენებასთან დაკავშირებით. ველოდები ზემდგომ თუ ზედამხედველ პროკურორს. მაინტერესებს კანონით როგორ უნდა მოხდეს აღსრულება. მე კი, ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში განვაგრძობ", - აცხადებს უგულავა. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა.

კომენტარები