შობა

მარგველაშვილი: სრულად ვიზიარებ მალხაზ სონღულაშვილის შენიშვნას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეოლოგიის დოქტორს მალხაზ სონღულაშვილს პასუხობს. მისი განცხადებით, გაეცნო მალხაზ სონღულაშვილის წერილს, სადაც ის წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პრეზიდენტის 25 დეკემბრის საშობაო მილოცვაში მხოლოდ კათოლიკენი არიან მოხსენიებული.

"სრულად ვიზიარებ მის შენიშვნას. იმედი მაქვს, ბატონი მალხაზიც და საზოგადოებაც დამეთანხმება, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ დასანან გაუგებრობასთან. ვიმედოვნებ, ეს გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ჩემს პატივისცემას ყველა კონფესიის მოქალაქისადმი. ყველას, ვინც 25 დეკემბერს იზეიმა მაცხოვრის შობის დღესასწაული, გულწრფელად და სიყვარულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც მის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

თეოლოგიის დოქტორმა მალხაზ სონღულაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კათოლიკეებისთვის შობის მილოცვასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

"იმ ქრისტიანების სახელით, ვინც დღეს შობას ზეიმობს და ვისაც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შობა არ მიულოცა, მინდა პრეზიდენტს მოვულოცო მაცხოვრის შობის დღესასწაული და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა მრჩეველი, რომელიც მას აუხსნიდა, რომ 25 დეკემბერი მარტო "კათოლიკეების შობა" კი არ არის, არამედ მთელი პროტესტანული სამყაროსი და ასევე მართლმადიდებელთა დიდი ნაწილისაც (ცხადია, რუსეთის ორბიტის ეკლესიების გამოკლებით)", - ნათქვამია სონღულაშვილის წერილში.

კომენტარები