გიგი უგულავას საქმე

აბესაძე: კანონმდებლობა უნდა გასწორდეს, რომ მსგავს კაზუსებს ადგილი აღარ ჰქონდეს

droanews.ge

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის განცხადებით, მოსაზრება, რომ სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ, მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, სამართლებრივად მცდარია. როგორც აბესაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, გუშინ სააპელაციო სასამართლომ კვლავ მხარეთა თანამონაწილეობის გარეშე განიხილა თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აბესაძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს გაეთვალისწინებინა მხარეთა მოსაზრება, მათ შორის საზოგადოებაში გაჩენილი დიდი ინტერესი და საქმე ზეპირი მოსმენით განეხილა. აბესაძის აზრით, სამართლებრივი თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი იყო პასუხი გასცემოდა კითხვას, თუ ვინ უნდა გადააყენოს პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი თანამდებობიდან.

"ამ დღეებში გაისმა მოსაზრება, რომ სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ, მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, თუმცა ეს სამართლებრივად მცდარი მოსაზრებაა. სასამართლოს მიერ მითითებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს განჩინება აღნიშნავს პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც შესასრულებლად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, ანუ სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ პირი თანამდებობიდან გადააყენოს. თბილისის მერის შემთხვევაში მას, როგორც პირდაპირი გზით არჩეულ პირს, ზემდგომი ხელმძღვანელი არ ჰყავს, ვინც სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს", - აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, ამ სამართლებრივ პრობლემაზე პასუხის გაცემის მიზნით მათ ორი დღის წინ მიმართეს პროკურატურასაც, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სასამართლო განჩინების აღსრულება, ვინაიდან სასამართლომ თავად მიუთითა მთავარი პროკურატურის პროკურორი განჩინების აღსრულების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირად, თუმცა მათგან მერიას პასუხი შეკითხვაზე არ მიუღია.

აბესაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს არც თბილისის მერის და არც მერიის რომელიმე თანამდებობის პირის გადაყენების უფლება არა აქვს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული ვითარებიდან სამართლებრივად სწორი გამოსავლის მოძებნის მიზნით დღეს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იურისტები, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები არიან მიწვეულები.

"შეხვედრაზე დასწრება აუცილებელია, რომ მომავალში კანონმდებლობა გამოსწორდეს და მსგავსი ტიპის ხარვეზებსა და კაზუსებს ადგილი არ ჰქონდეს", - დასძინა აბესაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, გიგი უგულავა თანამდებობიდან გადაყენებულად მას შემდეგ ითვლება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. როგორც მან სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, გიგი უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი კანონდებლობით დეტალურად დარეგულირებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე უგულავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ის ღონისძიებად 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 22 დეკემბერს კი, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, მოსამართლემ დედაქალაქის მერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერა.

სააპელაციო სასამართლომ გუშინ გიგი უგულავას გათავისუფლება ძალაში დატოვა. უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები