თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს თავმჯდომარე: დაუმტკიცებელი ბიუჯეტი თბილისს პრობლემას არ შეუქმნის

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისსა და თბილისელებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ. ამის შესახებ შიხიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა.

"მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ის, რაც ქალაქში ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს, არც ერთი წუთით არ შეფერხდება და თუ შეფერხდება, ეს შეგნებული საბოტაჟი იქნება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ უმკაცრესად მოვთხოვთ პასუხს ნებისმიერ პირს, ვინც შეგნებულად შექმნის პრობლემებს. თბილისის მთავრობას საჭირო ხარჯებისათვის, ერთი მეთორმეტედის წესის გათვალისწინებით სამოც მილიონზე მეტის გამოყენების საშუალება ექნება", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

მისივე მტკიცებით, თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტთან მიმართებაში არსებობდა ბევრი კითხვა და მასში ჩადებული იყო მუხლები, რომლის მიზნობრიობაც დაუსაბუთებელი იყო.

"თბილისის მერიამ საკრებულოში ვერ გაიტანა ბიუჯეტი, რომლის გამოყენებაც პარტიული ინტერესებისთვის უნდოდა. პარტიას არ უნდა მიეცეს ბიუჯეტით არჩევნების დაფინანსების საშუალება", - აცხადებს შიხიაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტი ან ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო ბიუჯეტის პროექტს თუ ვერ ამტკიცებს, ვალდებულია ხარჯები წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედის ფარგლებში დაფაროს.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები