ოთარ ფარცხალაძის საქმე

ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა

ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვეგბვერდზე გავრცელდა.

ოთარ ფარცხალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა.
დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა. გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ მთავრობას, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.
მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს," - ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის განცხადებაში.

კომენტარები