ფოკუსი

მაიდანი კრემლის წინააღმდეგ

დიმიტრი ავალიანი
0 კომენტარი

კიევში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების მთავარი მიზეზი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჩაშლა გახდა. თუმცა, უკრაინის დედაქალაქში ყოფნისა და რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტზე დაკვირვების შედეგად ხვდები, რომ მიმდინარე მოვლენების მიზეზი მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხი არ არის. რომ არა ეს თემა, სახალხო მღელვარების საბაბი სხვა რამე გახდებოდა. ისინი, ვინც მაიდანზე დგანან, მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი გზა დარჩათ, რათა ქვეყანას, მათ და მათ ოჯახებს რაიმე პერსპექტივა და მომავალი გაუჩნდეთ.

„დიდება უკრაინას – გმირებს დიდება!” – ეს ლოზუნგი მაიდანზე და მის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ყველაზე ხშირად ისმის. მას ერთხმად იმეორებენ სტუდენტებიც, ასაკოვანი მამაკაცებიც და ქალებიც. ეროვნული სიმბოლიკა ყველგანაა, თითქმის ყოველ საათში ერთხელ უკრაინის ჰიმნი ისმის – მას თითქმის ყველა შეკრებილი ერთხმად მღერის.

ბრძოლამ ევროპული ინტეგრაციისთვის უკრაინაში, ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების ფონზე, აშკარად ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ელემენტები შეიძინა, რომელიც ასეთი მასობრივი უკრაინაში არასდროს ყოფილა. ამას ხელს აშკარად გამოკვეთილი გარეშე მოწინააღმდეგეც უწყობს – კრემლი, რომელიც, დემონსტრანტთა აზრით, ქვეყნის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვას ცდილობს.

პრობლემების მიუხედავად, 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე უკრაინა მეტ-ნაკლებად მშვიდად ცხოვრობდა. 2010 წელს ქვეყნის სათავეში პრეზიდენტ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ, ქვეყანამ რეგრესი განიცადა როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ასევე ეკონომიკის კუთხით. გასული წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთის დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. ასევე შარშან Freedom House-მა უკრაინა თავისუფალი ქვეყნების კატეგორიიდან (რომელშიც ის 2005 წლიდან იმყოფებოდა) „ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების რიცხვში გადაიყვანა. ამის მიზეზი სასამართლოებისადმი ნდობის დაკარგვა, კორუფცია და მედიაზე მზარდი ზეწოლა გახდა.

უკრაინა ევროპაში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება – საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის 2013 წლის ინდექსის თანახმად, მსოფლიოში 144-ე ადგილი უკავია (საქართველოს – 55-ე, რუსეთს – 127-ე ადგილი).
ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება და გასამართლება, რაც დასავლეთმა შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის ფაქტად აღიარა, არ გახდა საბაბი ქვეყანაში სახალხო უკმაყოფილებისთვის.

ამ ყველაფერს საზოგადოება თითქოს შეგუებული იყო, მაგრამ მისი გამოღვიძება აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს მოჰყვა, რომელზეც უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებისთვის ხელი უნდა მოეწერა. დოკუმენტის გაფორმება იანუკოვიჩის ხელისუფლების დეკლარირებული მიზანი იყო. მაგრამ მან არათუ გაათავისუფლა იულია ტიმოშენკო, რაც ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა იყო, არამედ სამიტამდე ერთი კვირით ადრე შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის მიზეზებს შორის ხელისუფლებამ მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემები, რუსეთის ზეწოლა და ევროკავშირის მხრიდან ამ სირთულეების კომპენსირებაზე უარი დაასახელა.

სწორედ ასოცირების გაფორმებაზე უარის თქმა გახდა „ბოლო წვეთი” აქამდე მშვიდი, თითქოსდა ნიჰილიზმში ჩაძირული უკრაინული საზოგადოების ნაწილისთვის – მოქალაქეები მაიდანზე სტიქიურად შეიკრიბნენ. საზოგადოებისთვის მეორე „ბოლო წვეთი” კი 30 ნოემბერს მაიდანზე შეკრებილი ახალგაზრდების სპეცრაზმელთა მიერ დარბევა გახდა, საახალწლო ნაძვის ხის დადგმისთვის ხელის შეშლის საბაბით. ეს უკანასკნელი ფაქტი განსაკუთრებით შოკისმომგვრელი დარტყმა აღმოჩნდა უკრაინელებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ასეთი რამ არასდროს უნახავთ.

დარბევის მეორე დღესვე კიევის ცენტრში ასეულათასობით მოქალაქე შეიკრიბა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეტაკებებიც მოხდა, რომლებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ მოვლენილ პროვოკატორებს დააკისრა.

ევრომაიდანი

მას შემდეგ ევრომაიდანის აქცია კიევის ცენტრალურ მოედანზე 24 საათის განმავლობაში გრძელდება. შაბათ-კვირას ქუჩაში განსაკუთრებით ბევრი ხალხი გამოდის – 15 დეკემბერს მაიდანზე რიგით მესამე სახალხო კრება – ვეჩე ჩატარდა, რომელსაც რამდენიმე ასეული ათასიდან მილიონამდე მოქალაქე დაესწრო. დღის განმავლობაში იქ რამდენიმე ათასი ადამიანი რჩება, საღამოს, სამუშაო დროს დასრულების შემდეგ კი, რეგულარულად 20-30 ათასი მოქალაქე იკრიბება.

მაიდანზე შთაბეჭდილება იქმნება, რომ არა მიტინგზე, არამედ საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფები – საშვების მკაცრი რეჟიმი პროფკავშირების სახლში განლაგებულ რევოლუციის შტაბში, სადაც პრესის აკრედიტაცია ყოველდღე უნდა განაახლო; კარვები, დანთებული კოცონები, საველე სამზარეულოები. ასევე – სახელდახელოდ ეკიპირებული „საბრძოლო” ქვედანაყოფების მოწყობები და გადაადგილებები, საფორტიფიკაციო სამუშაოები, „პოზიციების დათმობა” და „პოზიციების აღება”.

ზამთრის ყინვის პირობებში მრავალი ათასი ადამიანის მოედანზე ყოფნას შტაბისა და ცალკეული სამსახურების მუშაობა უზრუნველყოფს. მაიდანის კომენდანტის ანდრი პარუბის განცხადებით, საპროტესტო აქციას 7 ათასზე მეტი მოხალისე ემსახურებოდა. მუშაობს კვების, დასუფთავების, სამედიცინო სამსახურები, დაცვა და ა.შ. საკვების, შეშის და სხვა აუცილებელი საშუალებების მომარაგება შემოწირულებებით ხდება.

ოპოზიციას სათავეში უმაღლესი რადას სამი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი უდგას – არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაჰნიბოკი. ისინი რეგულარულად ბრიფინგებს მართავენ შექმნილი სიტუაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყველა ახალ ნაბიჯს – მთავრობის მისამართით ახალ მოთხოვნებს თუ მოლაპარაკებებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ლიდერები მაიდანს „უთანხმებენ” – წინასწარ აცხადებენ აქციაზე გამოსვლისას ან საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს ეთათბირებიან.

ეკონომიკის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იაცენიუკი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, იულია ტიმოშენკოს დაარსებული ბატკივშჩინას ლიდერია და, ფაქტობრივად, საპროტესტო მოძრაობაზე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის გავლენას ასახიერებს. 42 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრივში ვიტალი კლიჩკო შედარებით ახალბედა პოლიტიკოსია, მისი პარტია უდარი – უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისთვის, 2010 წელს შეიქმნა. კლიჩკოს არ დაუმალავს, რომ 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. კლიჩკო თავის პროგრამაში ევროინტეგრაციას და კორუფციასთან ბრძოლას უჭერს მხარს. ვილნიუსის სამიტის შემდეგ მან იანუკოვიჩს არაერთხელ მოუწოდა გადადგომისკენ. იმავდროულად, თავი გამოიჩინა პროვოკატორების მიერ მოწყობილი დაძაბულობის განმუხტვისა და სპეცრაზმელებთან მოლაპარაკებების მცდელობებით. 

ოლეგ ტიაჰნიბოკი ნაციონალისტურ პარტია სვობოდას მეთაურობს, რომელმაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში 10 პროცენტი მიიღო და რომელსაც ხელისუფლების ბევრი მოწინააღმდეგეც არ ენდობა, რადიკალური ლოზუნგებისა და ქმედებების გამო. სწორედ სვობოდას წევრებმა დაიკავეს კიევის მერიის შენობა და ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი. ტიაჰნიბოკი თავის დროზე ნაციონალისტური შეხედულებებისთვის ვიქტორ იუშჩენკოს ბლოკ ნაშა უკრაინადან გარიცხეს.

მაიდანზე შეკრებილ საზოგადოებაში იგრძნობა, რომ მოქალაქეები მოედანზე არა ლიდერების მხარდაჭერამ, არამედ საკუთარმა მოთხოვნებმა და უკმაყოფილებამ მიიყვანა. პროტესტი მართლაც სტიქიურია და არსებული ოპოზიციური ძალები უბრალოდ მის სათავეში მოექცნენ. ეს ოპოზიციასაც ესმის და ცდილობს, ხალხის მხარდაჭერა არ დაკარგოს.

სპეცდანიშნულების რაზმმა 30 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია

გაუბედავი შტურმი

გარდამტეხი მაიდანისათვის 10-11 დეკემბრის ღამე აღმოჩნდა – როდესაც ხელისუფლებამ მოედნის შტურმი სცადა. ამას წინ დემონსტრანტთა მიერ სამთავრობო შენობების პიკეტირება უძღოდა. 8 დეკემბერს, მრავალრიცხოვანი „სახალხო ვეჩეს” შემდეგ მინისტრთა კაბინეტისა და სხვა დაწესებულებების ალყაში მოსაქცევად მრავალრიცხოვანი კოლონები დაიძრა და სამთავრობო კვარტლის გარშემო ახალი ბარიკადები აღიმართა. თუმცა, უკვე მეორე დღეს, ამინდის გაუარესებასთან ერთად, პიკეტებზეც და თვით მაიდანზეც ხალხის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ხელისუფლებამ ამით ისარგებლა და 10 დეკემბერს გამთენიისას სპეცრაზმელთა ძალებით დემონსტრანტთა „გარე” პიკეტები და ბარიკადები დიდი წინააღმდეგობის გარეშე დაშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალოვნების ალყა მაიდანის გარშემო ვიწროვდებოდა, 10 დეკემბრის საღამოს აქციის მონაწილეებში შტურმის მოლოდინი არ იგრძნობოდა – ხალხის რაოდენობა მაიდანზე და ბარიკადებზე დაცვაც წინა დღესთან შედარებით შემცირებული იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ კიევში იმ ღამეს გავლენიანი დასავლელი დიპლომატები – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქეთრინ ეშტონი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი იმყოფებოდნენ.

განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა, როდესაც სპეცრაზმელებმა მაიდანის ყველა მხრიდან ალყაში მოქცევა დაიწყეს. ღამის პირველი საათისთვის კი, სპეცტექნიკის გამოყენებით ევროპის მოედნის მხრიდან ბარიკადის დაშლა დაიწყეს. ოფიციალური ვერსიით, ძალოვნები ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. ამ მიმართულებით სპეცრაზმელებმა მაიდანის დამცველთა კორდონი უცებ გაარღვიეს, კარვების ქალაქი დაიკავეს და შუა მოედნამდე შეაღწიეს. ამ მომენტში, თითქოს, მაიდანის ბედი გადაწყვეტილი იყო – ბერკუტს ხელს ვერაფერი შეუშლიდა, სცენის წინ შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი მოედნიდან განედევნა.

სპეცრაზმის მეორე დაჯგუფებამ შეტევა სხვა ბარიკადაზე – ინსტიტუტის ქუჩაზე დაიწყო. გარდატეხა სწორედ ამ მომენტში მოხდა. მაიდანზე მოსვლა ათასობით ადამიანმა დაიწყო, მათი დიდი ნაწილი დამცავ კორდონებში დგებოდა. ინსტიტუტის ქუჩიდან წამოსულმა სპეცრაზმმა ბარიკადის დაშლა მოახერხა, მაგრამ მომიტინგეთა გაზრდილი მასის გარღვევა ვერ შეძლო და უკან დაიხია.

იერიშის მცდელობა ჰქონდა სპეცრაზმს ოპოზიციის შტაბის მიმართულებით, თუმცა ძალოვნებმა აქაც უკან დაიხიეს. შტურმის დროს სპეცრაზმელებს ხელკეტები ან ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.

„პოზიციური ომი” დილამდე გაგრძელდა. დილით ბერკუტი რამდენიმე ავტობუსით მომიტინგეთა მიერ დაკავებულ კიევის მერიას მიადგა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გარშემო ათასობით მომიტინგე შეიკრიბა, შენობიდან კი ოპოზიციონერებმა წყალი გადაასხეს, პოზიცია დატოვა. სპეცრაზმელთა კორდონები კიევის ცენტრში დილით ერთდროულად მოიხსნა. პოლიციის უკან დახევა მომიტინგეებმა მაიდანის გამარჯვებად აღიქვეს. დილიდან მაიდანს კიდევ უფრო მეტი ხალხი შეუერთდა, მომიტინგეებმა დაშლილის ადგილას ახალი, უფრო მძლავრი ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მაიდანზე გვხვდებოდნენ, ამბობდნენ, რომ პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. ბევრი მათგანი მორალურად ხანგრძლივი ბრძოლისთვის იყო მომზადებული – ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ახალი წლის და შობის აღნიშვნას მაიდანზე აპირებდა. მაღალი მოტივაციის გარდა, თვალშისაცემი იყო დისციპლინა და ორგანიზებულობა, რომელიც არც საქართველოში, არც სხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე არსად შეგვხვედრია.

საზოგადოებასთან დიალოგის შედეგად, ოპოზიცის ლიდერებმა სამი ძირითადი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს – უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება (ოპოზიციის აზრით, ასეთი ადამიანი სულ თექვსმეტია), ძალადობაში დამნაშავეთა დასჯა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომა. ამის შემდეგ ოპოზიცია მზად იყო, ხელისუფლებასთან დიალოგი გაემართა ვადამდელი არჩევნებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.

წარუმატებელი შტურმის შემდეგ ხელსუფლებამ მოთხოვნების ნაწილობრივ შესრულება დაიწყო – გენერალურმა პროკურორმა 30 ნოემბრის დარბევაში ეჭვმიტანილებად კიევის მერი ალექსანდრ პოპოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვლადიმირ სივკოვიჩი დაასახელა. პრეზიდენტმა პოპოვი თანამდებობიდან გადააყენა, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მინისტრის გადაყენებას არ გამორიცხავს. თუმცა, ოპოზიცია მათი მოთხოვნების ნაწილობრივ შესრულებამ არ დააკმაყოფილა.

იმავდროულად, 14 დეკემბერს, ხელისუფლებამ მაიდანის მახლობლად, ევროპის მოედანზე, კონტრმიტინგი შეკრიბა, რომლისთვისაც მონაწილეები, ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, ქვეყნის ყველა რეგიონიდან ჩამოიყვანა. მიტინგზე, ხელისუფლების განცხადებით, 200 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

აქციაზე გამოსვლისას პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვდა. ამ განცხადებამ ბრიუსელის აღშფოთება გამოიწვია და, სავარაუდოდ, ბოლო წვეთი გახდა ევროკომისარ შტეფან ფულესთვის, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება შეწყდება, სანამ ამ ქვეყნის ხელისუფლება თავის პრიორიტეტებზე არ ჩამოყალიბდება.

ევროინტეგრაციის მოტივები

ხელისუფლების მთავარ არგუმენტს ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების გადასადებად – რომ უკრაინა ევროინტეგრაციისთვის მოუმზადებელია – რაც ყველაზე უცნაურია, ნაწილობრივ, ევროინტეგრაციის მომხრეებიც იზიარებენ.

ახალგაზრდა ტაქსის მძღოლი ვასილი, რომელიც მთელ თავისუფალ დროს მაიდანზე ატარებს, ამბობს, რომ ახალგაზრდებში ევროპისკენ სწრაფვის მხარდაჭერა თითქმის ასპროცენტიანია. „დიახ, ყველამ იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთანავე ქვეყანაში კრიზისი იქნება. ჩვენ ვნახეთ, როგორი კრიზისი გადაიტანეს პოლონელებმა ევროპაში შესვლის დროს. მაგრამ იმასაც ვხედავთ, ახლა ისინი როგორ ცხოვრობენ”, – ამბობს ვასილი.

არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ანდრეი ტიაჰნიბოკი ქეთრინ ეშტონთან შეხვედრაზე. 10 დეკემბერი
ალექსანდრ სოლონტაი, პოლიტიკური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ 80-იანი წლების ბოლოს ცოტა ადამიანი თუ მოიძებნებოდა ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, რომელიც არ იქნებოდა ნამყოფი პოლონეთში ან სხვა მეზობელ ქვეყნებში. „პოლონეთი მაშინ უკრაინასთან შედარებით ღარიბი ქვეყანა იყო. ახლა, როდესაც პოლონეთიც, რუმინეთიც და ბულგარეთიც ევროკავშირის წევრები არიან და იქ ბევრად უკეთესი ცხოვრებაა, უკრაინელები ერთმანეთს ეკითხებიან – ჩვენ რით ვართ ნაკლები?” – ამბობს სოლონტაი.

იგი ამტკიცებს, რომ იმ უკრაინელებისთვის, ვინც ევროპაშია ნამყოფი, ევროინტეგრაციის მიზანშეწონილობის საკითხი არც დგას, „აღმოსავლეთში კი მართლაც არსებობს ევროპის შიში. მაგრამ ეს არის გაუცნობიერებელი შიში მათთვის უცნობის წინაშე”.

ალბათ ეს განასხვავებს უკრაინელების დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის მიმართ თუნდაც საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულებისგან – მათთვის ევროკავშირი არა რაღაც შორეული სამყარო, არამედ კარის მეზობელია. მისი უარყოფითი და დადებითი მხარეებიც მეზობლების ყოფიდან იციან და მათი არჩევანიც უფრო გააზრებულია – ევროინტეგრაციის მომხრეებმა იციან, რომ ეს პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მისი გავლის შემთხვევაში ქვეყანას დიდი წარმატება ელოდება.

კომპანია IFAK-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2013 წლის ოქტომბერში ასოცირების გაფორმებას მთელ უკრაინაში გამოკითხულთა 50 პროცენტი უჭერდა მხარს, წინააღმდეგი 33 პროცენტი იყო. ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ „პრორუსულ” რეგიონებში კი ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეები ჭარბობდნენ – ხელშეკრულების მომხრე აქ 39 პროცენტი იყო, მოწინააღმდეგე – 42. აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის მიერ ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი შემცირებულია – რასაც ექსპერტები ხელისუფლების შეცვლილი რიტორიკით ხსნიან.

მაგრამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი მაინც არ არის მთავარი თემა, რომელმაც მაიდანზე შეკრებილი ადამიანები გააერთიანა. „ევროკავშირთან შეთანხმებას აღვიქვამდით, როგორც უკანასკნელ შანსს, რომ ჩვენთანაც ევროპის დახმარებით აუცილებელი რეფორმები გატარდებოდა და ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესებოდა. იანუკოვიჩმა ერთი ხელის მოსმით ეს იმედიც გამოგვაცალა”, – გვითხრა აქციის მონაწილე ანდრიმ. ამის შესახებ ჩვენთან ბევრი უკრაინელი საუბრობდა – რომ ევროპასთან ასოცირებაზე უარის თქმა რეფორმებზე და გარდაქმნებზე უარს ნიშნავს, მოსახლეობას კი არ სურს შეეგუოს იმას, რომ ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.

უკმაყოფილების მიზეზი ბევრია – ხელისუფლების კორუმპირებულობა, ძალოვანი უწყებების განუკითხაობა, არასამართლიანი სასამართლო, ბიზნესის მითვისება ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ, რასაც ბოლო პერიოდში გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ემატება.

იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩის „ოჯახმა” – როგორც უშუალოდ მისმა შვილმა ალექსანდრმა, ასევე რეჟიმთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი მიისაკუთრეს, დასავლელი ექსპერტებიც მიუთითებენ. მკვლევარი ანდერს ასლუნდი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სამ წელიწადში „ოჯახმა” 8-დან 10 მილიონამდე აშშ დოლარი მიითვისა.

ქვეყნის ეკონომიკა კი კრიზისის წინაშეა. მთავრობას საბიუჯეტო პრობლემების მოსაგვარებლად სასწრაფოდ ახალი კრედიტები ესაჭიროება. თუმცა, ქვეყნის საეჭვო გადახდისუნარიანობის გამო რესურსის მოძიება უჭირს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები წარმატებული არ გამოდგა, რადგან კიევს ფონდის მკაცრი მოთხოვნების შესრულება არ სურს. იანუკოვიჩის ვაჭრობა ერთდროულად რუსეთსა და ევროკავშირთან სწორედ ამან განაპირობა.

გადამწყვეტი მომენტი

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს უკრაინელი ექსპერტები ხელისუფლების „გამოფხიზლებასა” და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში ხედავენ.

როგორც ტაბულას ცნობილმა უკრაინელმა პუბლიცისტმა ვიტალი პორტნიკოვმა განუცხადა, ხელისუფლებას მიმდინარე მოვლენები „ჩვეულებრივი ფერადი რევოლუცია” ჰგონია.

აქციის მონაწილეები მილიციელებს სენდვიჩებით უმასპინძლდებიან ფოტო: ALEXANDER NEMENOV / AFP
„აუცილებელია ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ ხალხი თავისით არ დაიშლება. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც 2004 წელს. ოღონდ მათ ჰგონიათ, რომ მაშინ ლეონიდ კუჩმას არ ეყო მოთმინება, დალოდებოდა მაიდანის დასრულებას, იანუკოვიჩს კი ეყოფა. ეს აბსოლუტურად მცდარი დაშვებაა იმიტომ, რომ ეს არ არის ფერადი რევოლუცია. მაშინ ხალხი მხარს უჭერდა გარკვეულ ლიდერებს, ახლა კი, პირიქით, ლიდერები გამოხატავენ მოსახლეობის, საზოგადოების ნებას”, – ამბობს პორტნიკოვი.

კრიზისის მოგვარების გზად ის მიიჩნევს საპარლამენტო მმართველობაზე დაბრუნებას, ახალი საპარლამენტო უმრავლესობისა და ეროვნული თანხმობის გარდამავალი მთავრობის შექმნას, რომელიც ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას.

სიტუაციების მოდელირების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიტალი ბალა ხელისუფლების რეაქციას არაადეკვატურს უწოდებს. „მათ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ მიტინგია, რაღაც არეულობაა, მაგრამ სინამდვილეში ეს სამოქალაქო პროტესტია, ბრძოლა უფლებებისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის, იმ 180-გრადუსიანი შემობრუნების წინააღმდეგ, რაც იანუკოვიჩმა განახორციელა, როდესაც უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერაზე. სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რა ხდება სინამდვილეში, მასთან შეთანხმება რთული იქნება”, – ამბობს ექსპერტი.

იგი მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლება არჩევნებს თანხმდება, რათა დაძაბულობა მოიხსნას. სეპარატული მოლაპარაკებების გაგრძელება პუტინთან კი, ხალხის გაღიზიანებას და აგრესიას იწვევს.

ბალას აზრით, სიტუაცია ქვეყანაში შესაძლოა ორი სცენარით განვითარდეს – „ან სასწაული მოხდება და მთავრობა გონს მოეგება, ან სამოქალაქო პროტესტები გაფართოვდება, ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან ზეწოლა გაიზრდება და მთავრობა იძულებული იქნება, წავიდეს მოლაპარაკებაზე”.

ალექსანდრ სოლონტაი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რევოლუციას უწოდებს, მიიჩნევს, რომ „მხოლოდ დგომა არაფერს მოგვცემს” და საპროტესტო მოძრაობა უნდა გაფართოვდეს და „ახალი ტერიტორია უნდა დაიკავოს”, ასევე მოძებნოს ახალი მოკავშირეები – შეიძლება ესენი იყვნენ ოლიგარქები, მილიციელები, ოფიციალური პირები.

რაც შეეხება ოლიგარქებს, ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა რინატ ახმეტოვმა 13 დეკემბერს განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოეწერა ხელი ვილნიუსში ასოცირების შეთანხმებას და გასაგებია, რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში. მან დაგმო ძალადობა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკებისა და კომპრომისისკენ მოუწოდა.

უკრაინულ მედიაში კი გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდმა უკრაინელ ოლიგარქებს იანუკოვიჩის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა.

ახმეტოვის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს. მკაცრად დაგმეს 11 დეკემბრის შტურმი ევროპელმა ლიდერებმაც.

თუმცა, მანამდე, პროტესტის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, დასავლეთის ჩარევა უკრაინის მოვლენებში მინიმალური იყო. კიევში ევროპარლამენტარებისა და ცალკეული ქვეყნების დელეგაციები ჩადიოდნენ, თუმცა ბრიუსელს და ვაშინგტონს კრიზისის მოგვარების მანდატით 10 დეკემბრამდე, ქეთრინ ეშტონისა და ვიქტორია ნულანდის ვიზიტამდე, კიევში არავინ მიუვლენიათ იმ საფრთხის მიუხედავად, რასაც ევროკავშირის მეზობელ 45-მილიონიან ქვეყანაში განხეთქილებისა და სამოქალაქო ომის რისკი შეიცავს.

გამოცემა The Economist-ის საერთაშორისო რედაქტორი ედვარდ ლუკასი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ დასავლეთის მცდარმა პოლიტიკამ გამოიწვია. მისი აზრით, ევროპელმა ლიდერებმა ვერ გაიგეს, რომ რუსეთს გარშემო სუსტი და პოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები სჭირდება. აღმოსავლეთ პარტნიორობა კი, რომელიც რუსეთის მეზობლებს გააძლიერებს, მოსკოვისთვის მიუღებელია. ლუკასის აზრით, უკრაინაში მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მომავალი წყდება – უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია „პუტინის სატრაპიის” აღსასრულს ნიშნავს. სხვა შემთხვევაში კი, რეგიონის პერსპექტივა საშიშია როგორც თავად ამ ქვეყნებისთვის, ასევე NATO-ს ევროპელი მოკავშირეებისთვის. „დასავლელ ლიდერებს არ გაუშვიათ შანსი, კრემლისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი სერიოზულად არ უნდა აღიქვას... ობამას ადმინისტრაციის დაგვიანებული მხარდაჭერა ევროკავშირის მეზობლებისადმი კარგია, მაგრამ ის ხაზს უსვამს სამარცხვინო გულგრილობას, რომელსაც ის წინა წლებში იჩენდა”, – აღნიშნავს ლუკასი. მისი აზრით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის დახმარების საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ რუსეთთან მკაცრი პოზიციის დაკავებაა.

პოზიციების დათმობას, როგორც ჩანს, არც კრემლი ფიქრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მაიდანის პროტესტს „გარედან რეჟისირებული” უწოდა. პრემიერმა დმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში „ტექტონიკურ რღვევას” აქვს ადგილი, რითაც ოფიციალურად დაადასტურა რუსული პროპაგანდის კლიშე უკრაინის შესაძლო დანაწევრებასთან დაკავშირებით. 17 დეკემბერს კი პუტინი და იანუკოვიჩი მოსკოვში შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასის მესამედით შემცირებასა და უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ.

ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები კიევში მოწმობს, რომ უკრაინა რუსეთისგან განსხვავდება, ძალისმიერი გზით პროტესტის ჩახშობის მცდელობა უკუეფექტს იძლევა და ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის მობილიზებას იწვევს. მაგრამ უკან დასახევი არც იანუკოვიჩს და მის კლანს და არც კრემლს აქვს, რომლის პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენისთვის მთავარ საფრთხედ სწორედ მაიდანი იქცა. და მაიდანის გამარჯვება და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება თავისთავად უკვე კრემლის პოლიტიკისთვის ფატალური მარცხი იქნება.

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე. კიევი ფოტო: GENYA SAVILOV / AFP

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები