პატრიარქის ეპისტოლე 2014

ჭიაბერაშვილი: თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ხვედრი უმცირესობაში ყოფნაა

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოსახლეობას შობას ულოცავს და აცხადებს, რომ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ხვედრი უმცირესობაში ყოფნაა. ჭიაბერაშვილი იმ გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა, Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რასაც ვკითხულობ ფბ-ზე, აღშფოთებაა, ოღონდ არა იმდენად სიბრაზით გამოწვეული, რამდენადაც წყენისგან, იმედგაცრუებისგან, თუნდაც შეურაცხყოფისგან. 
მინდა გაგამხნევოთ. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს თავისუფლების ის ნაკადი, რომელმაც წუხანდლიდან მთელი ფბ წალეკა. დაფიქრდით, თქვენ თვითონ რამდენი დრო, რამდენი შინაგანი ბრძოლა, რამდენი სტერეოტიპისა და ცრურწმენის გადალახვა დაგჭირდათ საიმისოდ, რომ ის გეთქვათ, რასაც ახლა ფბ-ზე წერთ. ესაა, რაც მარადიულ ოპტიმისტად მტოვებს და არა რაოდენობის თვლა: რამდენი მოწონება ან გაზიარება ჰქონდა ჩემთვის მისაღებ სტატუსს. პროგრესი ხომ თითოეულ ჩვენგანში ხდება. ადამიანთა რაოდენობა კი, ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმის არ ეშინია, თუნდაც ამისათვის ქვა მოხვდეს, ყველა დროში, ყველა ეპოქაში მცირე იყო.

ამან გამორჩეულობისა და ელიტურობის ილუზია არ უნდა შექმნას. პირიქით, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავში ცრურწმენების ნაწილი დაძლია (ცრურწმენების ნაწილი კი ყველას გვაქვს), მეტი ლმობიერება მოეთხოვება მათ მიმართ, ვინც ცრურწმენებს უიმედოდ ებღაუჭება.

თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ხვედრი უმცირესობაში ყოფნაა, ლმობიერების, ამტანობისა და ოპტიმიზმის დიდი დოზით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას!" - წერს ჭიაბერაშვილი.

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება".

კომენტარები