ვანო მერაბიშვილის საქმე

სუბარი: მერაბიშვილის საქმეზე 30-მდე ვიდეოკამერის მონაცემი ამოვიღეთ

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ე.წ. მატროსოვის ციხიდან გაყვანის საკითხზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით 30-მდე ვიდეოკამერის მონაცემია ამოღებული. როგორც სუბარმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, მისი უწყების მხრიდან დაწყებული მოკვლევა გრძელდება და შედეგები პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

"დასაკითხია ძალიან ბევრი ადამიანი. ვანო მერაბიშვილი უკვე გამოიკითხა. ამოღებულია ქალაქში 30-მდე ვიდეოკამერის მონაცემები, საუბარია ჩანაწერების დიდ მოცულობაზე, რამდენიმე ტერაბაიტზე. შესწავლა მიმდინარეობს და როგორც კი დამთავრდება, ყველაფერს გაიგებთ", - აღნიშნა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. 19 დეკემბერს კი, სოზარ სუბარმა თქვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კადრები როგორც წესი, ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. თუ დეპარტამენტი აღნიშნული წესით ხელმძღვანელობს, ვანო მერაბიშვილის მოთხოვნილი ჩანაწერები უკვე წაშლილი უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები