პარლამენტი ქუთაისში

თბილისის ტერიტორიის ქუთაისისთვის მიკუთვნება - პარლამენტის დაბრუნების გეგმა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს პარლამენტის თბილისში დაბრუნების თავისი გეგმა აქვს. მისი თქმით, შესაძლოა, თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა ქუთაისს გადაეცეს და ტერიტორიაც, რომელზეც პარლამენტის ძველი შენობაა განთავსებული, ქუთაისის გახდეს. ტყემალაძის განცხადებითვე, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა პარლამენტის უმრავლესობის სურვილია.

"პარლამენტის ბალანსზეა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა და მის ბალანსზე არ არის ქუთაისში მდებარე შენობა. ეს ასეა არა იმიტომ, რომ პარლამენტს ამის სურვილი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო კომისიას ქუთაისში მდებარე შენობა ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვარღვევთ ყოველგვარ კანონს და ექსპლუატაციას იმ შენობას ვუწევთ, რომელიც არ არის არც პარლამენტის და არც სახელმწიფო ქონება. პარადოქსია, რომ პარლამენტი მუშაობს ქუთაისში და შენობა პარლამენტს არ ეკუთვნის, ხოლო თბილისში არის პარლამენტის შენობა, რომელიც ეკუთვნის პარლამენტს და იქ ვერ ვმუშაობთ. დავარქვათ ამ შენობის ტერიტორიას ქუთაისის ნაწილი. მაგალითად, გუდაური ჩვენს წინა ხელისუფლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიკუთვნებული ჰქონდა თბილისისთვის – გუდაური არ იყო თბილისში, მაგრამ თბილისი იყო. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც საელჩოები, რომელთა ზღურბლსაც რომ გადალახავ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ. არიან ქვეყნები, რომლებიც ერთ ქალაქში არიან განთავსებული, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. ასეთი ბევრი მაგალითია. თბილისში მდებარე შენობა შეიძლება იყოს ქუთაისის გამგეობაში, ხოლო ის ერთი ჰექტარი მიწა, რომელზეც განთავსებულია ეს შენობა, ქუთაისის ტერიტორია და შევალთ თუ არა იქ, შევალთ ქუთაისში", - ამბობს ტყემალაძე. 

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში დასაშვებად მიიჩნევს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების ერთ-ერთ ვარიანტად, თბილისში, რუსთაველის #8-ში მდებარე შენობის ქუთაისისთვის გადაცემა განიხილონ. აბაშიძე ზურაბ ტყემალაძის ინიციატივას სერიოზულად აფასებს.

"ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხზე ჩვენი კოლეგები ბევრს ფიქრობენ. ზოგადად იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს, საქმიანობა თბილისში გააგრძელოს და ახირება და შეცდომები, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, უნდა გამოსწორდეს, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ერთ ქალაქში განახორციელონ საქმიანობა, რაც არის სწორი და ადეკვატური. პარლამენტის თბილისში მდებარე შენობის ქუთაისის გამგებლობაში გადასვლას მე სერიოზულად განვიხილავ. სერიოზულად განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოს პარლამენტმა თავისი საქმიანობა თბილისში გააგრძელოს. ასე რომ, წინადადებები არსებობს, ამ წინადადებებთან დაკავშირებით მზად ვართ, ვიმსჯელოთ", - განუცხადა ინტერპრესნიუსს აბაშიძემ.

ზურაბ ტყემელაძის ინიციატივას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გამოეხმაურნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, მას არ უკვირს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის განცხადება. 

"საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი, ტყემალაძე როგორ ოცნებობდა, რომ ქუთაისში ეს შენობა აფეთქდეს. ეს ადამიანები ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ კონსტიტუცია არ უნდა მოირგო საკუთარ თავზე. მე კი მათ ვახსენებ, რომ კონსტიტუცია არ უნდა მოარგო საკუთარ სიზარმაცეს და კომფორტს, ისინი გვთავაზობენ ახალ სტანდარტს, როდესაც ვერ ცვლი კონსტიტუციას და მზად ხარ თავზე გადაახიო ეს კონსტიტუცია საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს შემხვედრი წინადადება, რომ ბიკენტიას საქაბაბე დაუქვემდებარონ "შემოიხედე გენაცვალეს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე კი იმედოვნებს, "რომ ეს ბატონი ზურაბის საახალწლო იუმორის ნაწილია".

"კიდევ შეუძლიათ, ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებიდან მიწაც ჩამოიტანონ და მოაყარონ რუსთაველის #8-ში, რომ ეს იდეა წმინდა მატერიალური კომპონენტითაც შეავსონ. უფრო სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი, ხოლო ადგილსამყოფელის შეცვლა დასაშვებია დროებით - მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. საპარლამენტო უმრავლესობა წელიწადზე მეტია, აღნიშნული მუხლის ამოღებას ცდილობს, თუმცა, რადგან კონსტიტუციის შეცვლას დეპუტატთა ხმების 2/3 სჭირდებოდა, უმრავლესობამ პარლამენტის თბილისში დაბრუნება ვერ მოახერხა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 სჭირდება, რის გამოც, საკმარისი ხმების მოპოვება უფრო გართულდა. 

კომენტარები