ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: ჰკითხეთ ნაციონალურ მოძრაობას, რა ხდება კეზერაშვილზე?

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაზეთ ალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია დავით კეზერაშვილის ფინანსებთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს პროკურატურა დაინტერესდა, მისთვის აღმოჩენა იყო. როგორც ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე თქვა, "ეს იყო ტოლფასი იმ წამების გამოვლენისა, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ რამდენიმე თვის წინ და ერთი წლის წინ".

მისი თქმით, წლების განმავლობაში მუსირებდა აზრი და ხალხმა მსოფლიო საზოგადოებას ვერ მიაწვდინა ხმა, რომ ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ. ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ყველამ იცოდა რა ხდებოდა ციხეებში, როგორ არაადამიანურ ქმედებას, წამებას, ტანჯვას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ამის მტკიცებულება არ არსებობდა". პრემიერის განცხადებით, ქართულმა და მსოფლიო საზოგადოებამ ციხეებში წამების ფაქტები მხოლოდ მაშინ დაიჯერა, როდესაც ვიდეოკადრები გავრცელდა. მისივე თქმით, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირებითაც დადასტურდა, რომ "პოლიციის თანამშროლები აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს აწამებდნენ".

"ახლა კი, ის დადასტურდა, რაზეც ოპოზიცია და მოსახლეობა წლების მანძილზე საუბრობდა - ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებმა სხვადასხვა ფორმებით დაინაწილეს და ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, სტრატეგული ობიექტები, სერიოზული აქტივები. ძალიან უცნაურია და ამას ვერავინ ვერ ამიხსნის, ჰკითხეთ ნაციონალურ მოძრაობას, ერთი კითხვა რომ აქვთ მხოლოდ - მერაბიშვილზე რა ხდებაო. ჰკითხეთ, რა ხდება კეზერაშვილზე და საიდან აქვს 800-მილიონიანი ბრუნვა მხოლოდ 2012 წელს. საიდან აქვს მილიარდნახევრიანი ბრუნვა მის კუთვნილ კომპანიას, მას შემდეგ, რაც ის გადავიდა კერძო სექტორში. ეს არის სკანდალური ინფორმაცია, რაც მოსახლეობამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს. მოსახლეობა მთელი ცხრა წლის განმავლობაში ეკითხებოდა ნაციონალურ მოძრაობას, რატომ ხდებოდა წამება, გატაცება, უგზოუკვლოდ გაქრობა და კითხვები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები აგროვებდნენ დიდძალ ქონებას. ასე, რომ კეთილი ინებონ და გააკეთონ ახსნა-განმარტება მოსახლეობისთვის", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერის თქმითვე, ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ფაქტს მაქსიმალურად მოკლე დროში მოფინონ ნათელი".

"რაც შეეხება იარაღით უკანონონო ვაჭრობას, ამით არა მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, არამედ უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყებები არიან დაინტერესებულნი, მე არ მინდა წინასწარ გითხრათ, მაგრამ ძალიან საინტერესო და სკანდალური ფაქტები იკვეთება კეზერაშვილთან დაკავშირებით, დაველოდოთ გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ყველაფერი ცნობილი", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერს მედიასთან შეხვედრაზე ჰკითხეს, დაიკითხება თუ არა კეზერაშვილის ფინანსებთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"მოვისმინე შეფასებები, გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს კაპიტალი და ფინანსები დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან. ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან არასერიოზულია, რადგან ამას მტკიცებულებები სჭირდება. დაკითხავენ თუ არა კეზერაშვილის აქტივებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს, ეს არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ არავის დარჩეს კითხვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში", - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის.

"აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. დავით კეზერაშვილი 2003-2008 წლებში იყო საჯარო მოხელე, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა. აუდიტორული კომპანია დელოიტის დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნესსექტორში გადასვლის შემდეგ, მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

მთავარი პროკურატურის განცხადებას დღეს წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ბრიფინგი, რომელიც, თავის მხრივ, გაზეთ ალიაში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

"დღეს გაზეთმა ალიამ გამოაქვეყნა დასკვნა ბატონი კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, საიდანაც დგინდება, რომ პრაქტიკულად იმ მომენტიდან, როდესაც ეს ბატონი აღარ იყო თავდაცვის მინისტრი, იქიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით ერთმილიარდიანი ფინანსური ბრუნვები ჰქონდა მას ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაზე. თავისთავად, ეს შეიძლება არც ყოფილიყო მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა, გასაგებია, რომ არის რაღაც ბიზნესი, რომელსაც რაღაც ბრუნვა აქვს და ეს არ უნდა იყოს განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ არ გავითვალისწინებთ ორ ფაქტორს: პირველი, თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომამდე არცერთი დღის განმავლობაში, ბატონი კეზერაშვილი არ ყოფილა ბიზნესმენი. საქართველოს არასოდეს არ სცნობია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს რაიმე განსაკუთრებული ბიზნესწარმატებები ჰქონდა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, ქონება დაეგროვებინა და დიდი ფინანსური სარგებელი მიეღო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მინისტრობიდან გადადგომისთანავე, ეს კაცი გახდა შპს ლუკოილის ნახევრის - 50% წილის მფლობელი, სიმბოლურ ფასად მიიღო მან ეს აქტივები და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ პრინციპში, ეს იყო იმ ბიზნესის გათეთრება, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდა, უბრალოდ, რაკი მინისტრი იყო, ამაზე არ საუბრობდა", - აცხადებს ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ ადრევე იყო საუბარი იმაზე, "თუ როგორი ზეწოლა მოახდინა ბატონმა კეზერაშვილმა არსებულ ნავთობის კომპანიების სხვადასხვა პატარა ქსელებზე, იმისათვის რომ ჩაენაცვლებინა ისინი საკუთარი კომპანიით".

 

კომენტარები