ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი

სახელმწიფოსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებული შეთანხმება გასაჯაროვდა

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 17 იანვარს, საჯარო გახადა 2011 წლის 6 ივლისს საქართველოს ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებული ის ხელშეკრულება, რომლითაც გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა უარი თქვა ტელეკომპანია იმედზე, სანაცვლოდ კი მათ კუთვნილ კომპანიებს ჩამოეწერათ საგადასახადო დავალიანება, ასევე, მათ უარი თქვეს ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ მხარეები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსური პოლიცია (ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური), ეროვნული მარეგულირებელი კომისია, საგადასახადო დეპარტამენტი და თბილისის მუნიციპალიტეტი.

ამ სახელმწიფო უწყებების სახელით მთავრობის მხრიდან მორიგების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა. მეორე მხარეს წარმოადგენდა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე, დედა და ოჯახის სხვა წევრები.

"2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ტერორი აწარმოა, აღძრა მის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი სისხლის სამართლის საქმეები და ბიზნესის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. გარდაცვალების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა. 2008 წელს ინა გუდავაძის მიერ საარბიტრაჟო წესით მოხდა საქმის ინიცირება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ინა გუდავაძე და ოჯახი მიზნად ისახავდნენ ტელეიმედის დაბრუნებას და თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს ლინქს შორის მთაწმინდის პარკთან დაკავშირებული იჯარის ხელშეკრულების აღდგენას, ან 400 მილიონი დოლარის ზიანის ანაზღაურებას იმ ბიზნესინტერესების დარღვევისათვის, საინვესტიციო ვალდებულებების უარყოფისთვის და ზოგადად, ინვესტორის წინააღმდეგ ბრძოლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებისთვის, რომლის მსხვერპლიც გახდა ბადრი პატარკაციშვილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრის თქმით, როცა წინა ხელისუფლებამ დაინახა, რომ მეორე მხარეს იდგა ბიზნესი, რომელსაც სამართლებრივი წესით საკუთარი ინტერესის დაცვა შეეძლო, დაიწყო მოლაპარაკება ოჯახთან.
შედგა მორიგება, რომლის პირობები იყო შემდეგი:

  • გაფორმდა 17 საწარმოსთან მიმართებით დავალიანებაზე უარის თქმის მიზნით საგადასახადო შეთანხმებები. იქ სადაც რეაბილიტაციები მიმდინარეობდა, ხელშეწყობა რეაბილიტაციის პროცესში.
  • მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით თბილისი მუნიციპალიტეტთან იჯარის ხელშეკრულება და როგორც მორიგების ხელშეკრულებაში წერია, ეს უნდა ყოფილიყო იმავე პირობებით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, როგორც ეს იყო 2012 წლამდე. თუმცა, ამ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით შემდეგ ოჰახს ჰქონდა თავისი განსხვავებული აზრი.
  • ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ასევე გადაეცა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთლიანი ქონება, ასევე, კომპანია თუჯი XXI-ის ქონება.
  • ბოლოს შეთანხმების პირობად განისაზღვრა, რომ ეკონომიკის სამინისტრო გააფორმებდა ოჯახთან ხელშეკრულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მაუდის ფაბრიკასთან დაკავშირებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე ეკონომიკის სამინისტრო იტყოდა უარს.

"მხოლოდ და მხოლოდ ამის სანაცვლოდ ოჯახმა შეწყვიტა საარბიტრაჟო დავა, მათ შორის იმედთან დაკავშირებითაც. ოჯახმა იძულების გზით ასევე უარი თქვა სხვადასხვა კომპანიაზე.

ყველა პირობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ითვლება, რომ წინა ხელისუფლებამ შეასრულა. ამ ხელშეკრულებებს და დანართებს მოეხსნა გრიფით საიდუმლო, თუმცა, ვერ მოხდა განსაჯაროება ხელშეკრულებებში არსებული კონფიდენციალობის მუხლის გამო.

მე მინდა მადლობა გადავუხადო პატარკაციშვილების მთელს ოჯახს იმისთვის, რომ მზაობა გამოთქვეს ჩვენთან ერთად მოეხსნათ კონფიდენციალობის მუხლი და ის ბოლო ბარიერი, რაც შეუძლებელს ხდიდა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც ახლა მე თქვენ მოგახსენეთ", - თქვა თეა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა და ყოფილი ხელისუფლება ამ გზით უსწორდებოდა ოპონენტებს.

კომენტარები