თბილისის ბიუჯეტი

თბილისის მერიის განმარტება ანძის ჩართვასთან დაკავშირებით

თბილისის ანძა
თათა ჩიკვილაძე / ტაბულა

თბილისის მერიამ თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათების ჩართვასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

"მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო. ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია.

ასევე გვინდა საჰაერო ნავიგაციის განცხადებას გამოვეხმაურით. ეს უწყება ცრუობს, რადგან შესაბამის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათ ეს მერიის დაშანტაჟების მიზნით, შეგნებულად ჩაიდინეს. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას და მედიას შესაბამისი ექსპერიმერნტის მოწყობას ვთავაზობთ, რითიც დადასტურდება, რომ საჰაერო ნავიგაციის შუქურას ანძის განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს".

20 იანვრის საღამოს თბილისის ანძის გარე განათება რამდენიმე საათით იყო გამორთული. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ტელეანძა გამოირთვებოდა. უგრეხელიძის თქმით, თუ თბილისის საკრებულო მიიღებს ბიუჯეტს, რომელშიც იქნება გათვალისწინებული შესაბამისი თანხები, ტელეანძა კვლავ განათდებოდა. თბილისის ბიუჯეტი, რომელიც მერიამ საკრებულოს მეორედ წარუდგინა, პირველ ჯერზე საკრებულომ არ დაამტკიცა.

თბილისის მერიის მიერ ანძის გამორთვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მერიის ქმედება შეიცავს საბოტაჟისა და შანტაჟის ნიშნებს.

"მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სატელევიზიო ანძისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად", - წერია მთავრობის საგანგებო განცხადებაში.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ ტაბულას განუცხადა, რომ ანძის ჩართვა მთავრობის მუქარანარევი განცხადების შედეგი არ ყოფილა.

"როდესაც ჩავრთეთ ანძა, მთავრობის მუქარა ჯერ არ იყო გავრცელებული, მათ უნდათ ეს ასე წარმოაჩნონ, მაგრამ ეს არაა სიმართლე. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო აქციის ფორმა, რაც მსოფლიოშია გავრცელებული, როცა რაიმე საკითხის გააქტიურება სურთ. ამ მიზანს ჩენ მივაღწიეთ და დავამტკიცეთ, რომ საკრებულოს უმრავლესობამ არ იცის ბიუჯეტის კითხვა, ისინი ვერ კითხულობენ პროგრამის სათაურს, ეს [ანძის განათების ხარჯი] იყო გარეგანათების ღონისძიებებში ჩაწერილი, რომელიც იყო განკუთვნილი ანძის გარე განათებისათვის და არა - ანძის ფუქნციონირებისათვის. რაც შეეხება ნავიგაციის განცხადებას, ეს არის სიცრუე და ტყუილი, მათია ეს შუქურა და მე როგორ გამოვრთავდი?" - განუცხადა სევდია უგრეხელიძემ ტაბულას.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ მთავრობის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ზემოქმედების შედეგია.

"ირაკლი შიხიაშვილმა მთავრობა შეიყვანა შეცდომაში, მათ არ გამოიკვლიეს ეს პრობლემა, არ ჰქონდათ კომუნიკაცია და ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. დამუქრება არ მიკვირს შიხიაშვილისგან, მას რომ შეეძლოს, ალბათ, ადგილზე დამხვრეტდა", - ამბობს სევდია უგრეხელიძე.

 

კომენტარები