თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის მთავრობის დაშლას ითხოვს

timer.ge

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობის დათხოვნას ითხოვს. უმრავლესობის ფრაქციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, მერიის გუშინდელი გადაწყვეტილება ანძის გარეგანათების გათიშვასთან დაკავშირებით, საბოტაჟი იყო და თბილისის ტელეანძის განათებისთვის ბიუჯეტში საკმარისი თანხებია. საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელი ზაზა გაბუნია ითხოვს, რომ თბილისის მთავრობა დაიშალოს და მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოსთან შეთანხმებით წარადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომლის დამტკიცებაზეც საკრებულო იმსჯელებს.

"ჩვენ გუშინდელი ინციდენტის და, ზოგადად, თბილისის მერიის პოლიტიკის, საბოტაჟური მოქმედებების გამო, თბილისის მთავრობას ვუცხადებთ უნდობლობას და მოვითხოვთ თბილისის მთავრობის გადადგომას და ახალი შემადგენლობის საკრებულოსთან შეთანხმებით დანიშვნას", - აცხადებს ზაზა გაბუნია და აღნიშნავს, რომ ეს მათი პოლიტიკური ინიციატივაა.

თბილისის ტელეანძაზე გარეგანათების გათიშვის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

"მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტელეანძაზე გაითიშა გარეგანათება და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურა, რითაც შესაძლოა ვერ იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო ფრენა.
ვინაიდან, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნის ფაქტზე, რაც გამოიხატა სანავიგაციო დანადგარისთვის ხელის შეშლაში. ამით საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ტელეანძაზე განათება ბიუჯეტის დამტკიცებამდე გაითიშებოდა. განათების გათიშვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თბილისის მერია საბოტაჟში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით".

თბილისის მერიამ თბილისის სატელევიზიო ანძის გარეგანათება გათიშვიდან რამდენიმე საათში ჩართო და განცხადება გაავრცელა.

"მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო. ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია", - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ საჰაერო ნავიგაციის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საკრებულოს პრესსამსახურის მტკიცებით კი, თბილისის საკრებულოს მოადგილემ ირაკლი შიხიაშვილმა აიძულა მერია, რომ ტელეანძა გაენათებინა. უწყების ინფორმაციით, მერიის მიერ სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით, ვითარებაში გარკვევის მიზნით, შიხიაშვილი საკრებულოში შეხვდა შპს სინათლის ქალაქის დირექტორ ნიკოლოზ ტოგონიძეს.

"მასთან გასაუბრების შედეგად დადასტურდა დღეს საკრებულოს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ანძის განათებასთან დაკავშირებით არ არსებობს ფინანსური პრობლემები და სინათლის ქალაქის ხელმძღვანელობამ უშუალოდ თბილისის მერიიდან მიიღო ანძის გამორთვის ზეპირი ბრძანება. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სატელევიზიო ანძის განათება კვლავ აღდგენილიყო, რასაც თბილისის მერია აბსოლუტურად არ მოელოდა. ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მივიდა ადგილზე და მერიის ხელმძღვანელობის უკანონობა აღკვეთა და აიძულა გაენათებინათ ანძა. როდესაც ადგილზე მისული თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე მიხვდა თავის უსუსურ მდგომარეობას, შეეცადა ანძის განათების გადაწყვეტილება მერიის დამსახურებად გაესაღებინა. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მერიის მესვეურთა უტიფარი სახე, რომელებიც სამწუხაროდ იმართებიან ნაცმოძრაობის ცენტრალური ოფისიდან ბრალდებულ უგულავას მიერ და არა მარიონეტი სევდია უგრეხელიძისგან", - აცხადებს საკრებულო.

კომენტარები