ვითარება უკრაინაში

კიევში შეტაკებების შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა

Reuters

კიევში შეტაკებების შედეგად, espreso.tv.-ის ინფორმაციით, 4 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ერთი მათგანი გრუშევსკის ქუჩაზე სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ერთი კი მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

დღეს გავრცელდა უკრაინის პროკურატურის განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ შეტაკებების შედეგად გარდაცვლილი პირველი ორი პირის სიკვდილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია.

ამჟამად გრუშევსკის ქუჩაზე ისევ დაძაბული სიტუაციაა. სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ბერკუტმა შეტევა წამოიწყო და გრუშევსკის ქუჩა დაიკავა, აქტივისტები კი ევროპის მოედნისკენ შეავიწროვა. თუმცა, მალევე ძველ პოზიციებს დაუბრუნდა.

დღეს, უკრაინის ერთიანობის დღეს, კიევში მასშტაბური საპროტესტო აქციისა და ალტერნატიული პარლამენტის დამფუძნებელი კრების გამართვა იგეგმება. ოპოზიციის ლიდერის არსენი იაცენიუკის თქმით, სახალხო რადა ოპოზიციონერი დეპუტატებით დაკომპლექტდება.

გრუშევსკის ქუჩაზე სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილმა ოპოზიციის ლიდერების ზედმეტად რბილ პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და გრუშევსკის ქუჩაზე სამთავრობო შენობებისკენ მისასვლელ გზაზე მდგარ ბერკუტის თანამშრომლებს შეუტია. ოპოზიციის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, დემონსტრანტების შეჩერება ვერ მოხერხდა. ოპოზიციისა და მაიდანის აქტივისტების აღშფოთება 16 იანვარს რადას მიერ მიღებულმა რამდენიმე კანონმა გამოიწვია, რომლებიც დემონსტრაციების ჩატარებისა და სამოქალაქო აქტიურობის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. რადას მიერ მიღებული კანონები ძალაში დღეს შევიდა.

კომენტარები