ძიუდო

ავთანდილ ჭრიკიშვილი - მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ

ირაკლი მაღრაძე
0 კომენტარი

2013 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი

ავთანდილ ჭრიკიშვილი სულ რაღაც 22 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად, პერსპექტიული ძიუდოისტიც არის და ტიტულოვანიც. 2013 წელი ჭრიკიშვილისთვის ჯერჯერობით კარიერაში საუკეთესოა. წელს, ახალგაზრდა სპორტსმენმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც პირველი იყო და რიო დე-ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატზეც. მის შემადგენლობაში გამოდიოდა ჭრიკიშვილიც და ორივე შემთხვევაში რუსეთის ძლევაში თავისი წვლილი შეიტანა.

იაპონელმა მასწავლებელმა ჯიგორო კანომ, ძიუდო 1882 წელს ტოკიოს გარეუბანში დააარსა და ამავე წელსვე ბუდისტურ ტაძარში, ძიუდოს პირველი სკოლა დაფუძნდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს საბრძოლო ხელოვნება და ფილოსოფია, შემდგომში სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდებოდა, ხოლო ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო, ძიუდოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნებოდა. არ ვიცი, რამდენი კილომეტრია ეიშო-ჯიდან, ტაძრიდან, სადაც ძიუდოს პირველი სკოლა გაიხსნა, ნორიომდე, სადაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში დღევანდელი რეიტინგით მსოფლიოს ნომერი პირველი ძიუდოისტი დაიბადა, მაგრამ ფაქტია – მშობლიური კერიდან ასე შორს, ძიუდომ ახალი ჩემპიონი სწორედ აქ შეიძინა.

ვარჯიში 9 წლისამ დაიწყო, ოღონდ არა გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, სადაც დაიბადა, არამედ თბილისში და არც ძიუდოში – თავდაპირველად ტანვარჯიშზე დადიოდა. პატარა ავთოს სპორტით დაკავება ბებიას სურვილი იყო და სწორედ მას დაჰყავდა ვარჯიშებზე. დღეს ჭრიკიშვილი ამბობს, რასაც მივაღწიე, ამაში ბებიის დამსახურება უდიდესიაო. ტანვარჯიშზე იარა, მოქნილი გახდა და შემდეგ სპორტის იმ სახეობაზე გადაინაცვლა, რომელიც მეტად აინტერესებდა. ყველაფერი რთულად იწყებოდა, ვარჯიშები გამთენიისას ჰქონდა, ადგომა და დარბაზში მისვლა უჭირდა, მაგრამ ბებია მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

თავიდან სულ ვაგებდი... სახლში ეს იცოდნენ და ამიტომ, მამა ხშირად ეუბნებოდა ხოლმე ბებიას – გამოიყვანე, ნუღარ ატარებ ბავშვს ძიუდოზე, აზრი არ აქვსო. როდესაც შეჯიბრებაზე მივდიოდი, ბებია მეუბნებოდა, სახლში არ ვთქვათ, შვილო, რომ აგებ, იშრომე და ყველაფერი გამოგივაო. ძიუდოზე ვარჯიში 11 წლის ასაკში დავიწყე და პირველი ოთხი წელი, შეიძლება ითქვას, წარმატება არ მქონია. 15 წლის საქართველოს ჩემპიონატში სამეულში შევდიოდი, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმი იყო, მეტს ვერ ვწვდებოდი. ამ პერიოდში, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მჯეროდა საკუთარი თავის და რომ ვარჯიშით მეტის გაკეთება შემეძლო. როდესაც პირველად მოვიგე 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი, 17 წლის ვიყავი. ამას თავადაც არ ველოდი, შემდეგ კი მიჰყვა და მიჰყვა...

ამ დროს პირველად გავცდი ქვეყნის საზღვრებს, ჩეხეთის ტურნირზე ვიჭიდავე, სადაც მრავალი ქვეყნის სპორტსმენი გამოდიოდა და მესამე ადგილი დავიკავე. ეს ჩემთვის კარგი შედეგი იყო. შემდეგ წელს, 20-წლამდელთა შორის კვლავ საქართველოს ჩემპიონი გავხდი, რამაც საშუალება მომცა ნაკრებში მოვხვედრილიყავი. ყოველ წელს შედეგსაც ვაუმჯობესებდი და თავადაც ვგრძნობდი, რომ უფრო და უფრო ვძლიერდებოდი. 19 წლისამ, თუ რაიმე ტურნირი იყო ახალგაზრდებში, ყველაფერი მოვიგე. გავხდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, დამასახელეს 2010 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად. შემდეგ გადმოვინაცვლე დიდ ასაკში და კვლავ წაგებები დაიწყო...

ასაკის მატებასთან ერთად, ჭრიკიშვილი ახალგაზრდულ სარბიელს ჩამოსცილდა და მაღალ დონეზე გადაინაცვლა. კარიერის დასაწყისის მსგავსად, ახალი ეტაპიც წარუმატებლად დაიწყო. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად წარიმართა და, შეიძლება ითქვას, ძიუდოისტმა 2013 წელს თითქმის მაქსიმალური შედეგი აჩვენა:

დიდებში ჭიდაობისთვის შეგუება დამჭირდა, თავდაპირველად ვარჯიშებს ვერ გავუძელი და ის შედეგი არ მქონდა, რაც მსურდა. ახლა ვფიქრობ, ახალგაზრდული ეტაპიდან შესვენების შემდეგ, უცებ მაღალ დონეზე გადართვა გამიჭირდა, უნდა დამესვენა. რწმენა მქონდა, რომ ვერავინ მომიგებდა, სულ დარწმუნებული ვჭიდაობდი. ამის მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, სულ ვაგებდი.

გრანპრი, გრანდ სლემი არ მქონდა მოგებული, თორემ შედარებით დაბალი დონის ტურნირებზე შედეგიანად ვასპარეზობდი. ჩემი მთავარი მიღწევები 2013 წელს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩემს წონაში 17 წლიდან კონკურენტი არ მყოლია, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე აღიარების მოპოვება იყო. 2013 ძალიან კარგი წელი იყო, მიუხედავად იმისა, ფორმაში ვიყავი თუ არა, უმედლოდ არცერთი დიდი შეჯიბრებიდან არ წამოვსულვარ. ერთადერთი, გული რაზეც მწყდება, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვერ გავიმარჯვე. დასანანი მარცხი განვიცადე და ალბათ იღბალიც არ მეყო, თორემ ესეც რომ მომეგო, წელს მეტი არაფერი დამრჩებოდა მოსაგები.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ბევრი რამით გამოსარჩევი სპორტსმენია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი უსაზღვრო შრომისმოყვარეობაა. შედეგისთვის ბევრს ვარჯიშობს და უარსაც ბევრ რამეზე ამბობს. პიროვნული თვისებების გარდა, საყვარელი ილეთის უბადლო შესრულებითაც გამოირჩევა. ამას ისიც ადასტურებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის მიერ შესრულებული ე.წ. ამოსმული, საუკეთესო გდებად დაასახელეს. გარდა ამისა, ჭრიკიშვილის დიდი პლუსია, რომ არც ცაციაა და არც მემარჯვენე, ორივე ხელით თანაბრად კარგად ჭიდაობს, რაც მეტოქე გუნდის მწვრთნელებსა თუ სპორტსმენებს დიდ თავსატეხს უჩენს.

ვარჯიშით სუსტი ხდება ძლიერი, ძლიერი კი უძლიერესიო, ხომ გაგიგიათ. შრომის გარეშე შეუძლებელია ძლიერ სპორტსმენად მხოლოდ ტალანტის ხარჯზე ჩამოყალიბდე. ყველაფერი უნდა მოიკლო და დრო ვარჯიშს დაუთმო. რაც არ უნდა მოხდეს, 11 საათზე ყველაფერს ვრთავ და მინდა თუ არა, ვიძინებ. მახსოვს, როდესაც ვერ ვიგებდი, მთელი წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, 10:30 სთ-ზე ვბრუნდებოდი სახლში და ვიძინებდი, რომ დილიდან ვარჯიში დამეწყო. ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება. ამას გარდა, ნერვებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება რაღაც ასჯერ გააკეთო და არცერთხელ არ გამოგივიდეს, მაგრამ არ უნდა მოეშვა და აგრძელებდე მუშაობას, სანამ არ გამოგივა. ისედაც ვთვლი, რომ ჩემი სხეული და ფიზიკური მონაცემები ხელს მიწყობს. არ მახსოვს, ოდესმე ვინმეს ფიზიკურად დავეჩაგრე – არადა, ვისთან ერთადაც სპორტსმენად ჩამოვყალიბდი, ყველა ერთი დატვირთვებით ვვარჯიშობდით. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ძიუდოში ორიენტაცია, მოქნილობა, რაც ბავშვობაში ტანვარჯიშზე სიარულმა შემძინა.

ჩემი საყვარელი ილეთია ამოსმული, რომელსაც ძალიან ხშირად ვაკეთებ. დღეს ყველაფერი უკვე ისეა, რომ ყველა მოწინააღმდეგე, მათი მწვრთნელები მიყურებენ და აკვირდებიან, რა ილეთს ვაკეთებ, რა მაქვს უფრო ძლიერი და ცდილობენ ხელი შემიშალონ. როდესაც სპორტსმენი ძიუდოისტთა რეიტინგის წამყვან ათეულში შედის, მის მიმართ ყურადღებაც იზრდება, მე კი ჩემი წონითი კატეგორიის პირველი ნომერი ვარ. ამოსმული პირველ რიგში ესთეტიკური თვალსაზრისით მომწონს, ლამაზია და ვაჟკაცური. ამასთან, ყოველთვის ზემოდან ჭიდაობა მიზიდავდა. ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც ვხედავდი სპორტსმენები წელში მოხრილები ჭიდაობდნენ, ვფიქრობდი, ეს რა ჭიდაობაა, ასე მოგებას რა აზრი აქვს-მეთქი. ამოსმული კი, ამის საპირისპიროდ – გამართულად უნდა გააკეთო და კისრიდან შეგიძლია დაანარცხო მეტოქე.

ერთი, რაც მაქვს დიდი პლუსი და რასაც გამოვყოფდი, ვფიქრობ, ის არის, რომ ორივე მხარეს შემიძლია ჭიდაობა. ეს იშვიათობაა, ასეთი სპორტსმენები თითზე ჩამოსათვლელები არიან. სპორტსმენი რომელი ხელითაც მოწინააღმდეგეს კისერში წვდება, მისთვის ეს არის მუშა ხელი და მისი განეიტრალების შემთხვევაში, ფაქტობრივად დაჭერილი გყავს და ვერაფერს აკეთებს. მე თუ ერთ ხელს გამითიშავენ, მეორე მხრიდან მივუდგები – არანაირი პრობლემა არ არის.

ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე. აგვისტო 2013, ბრაზილია ფოტო: AFP
2011 წელს, ირაკლი ცირეკიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ამ ჩემპიონატზეც და შემდგომშიც, ქართველებისთვის ერთადერთი ჯილდო იყო. წელს ყველაფერი ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა შეცვალეს. მეტიც, მცირედი იღბალის შემთხვევაში, ორივე თუ არა, ერთ-ერთი მაინც დაეუფლებოდა ოქროს.

ევროპის ჩემპიონატზე ტრავმით წავედი, ვარჯიშზე კოჭი გადამიტრიალდა. ტურნირზე ისე ვიჭიდავე, ერთი თვე ტატამზე ფეხი არ მქონდა დადგმული. ჩემპიონატის წინ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი უზნაძემ, შეკრებაზე რომ წამიყვანა, ვეუბნებოდი, ტყუილად მოვდივარ, აზრი არ აქვს-მეთქი. მხოლოდ ხელებს ვტვირთავდი, წელს ზემოთ მაქსიმალურად ვვარჯიშობდი, მაგრამ ვერც დავრბოდი და ვერც ვჭიდაობდი. ჩემპიონატამდე ათი დღით ადრე, სამჯერ ვივარჯიშე დაბალ წონებთან, მაგრამ ძალიან ვიღლებოდი და ნერვები მეშლებოდა. აი, ასე წავედი ევროპის ჩემპიონატზე და ჩემპიონი გავხდი. სიმართლე გითხრათ, ვისაც შევხვდი, არავისთან გამჭირვებია. შეიძლება გვერდიდან ჩანდა, რომ დიდი უპირატესობით არ ვიგებდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, მეტი არ მჭირდებოდა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ცოტა დავისვენეთ, მერე რუსეთში, ტიუმენში მასტერსზე მესამე ადგილზე გავედით. შემდეგ კორეაში ძალიან კარგი და სასარგებლო შეკრება გავიარეთ. კორეელებს ძალიან კარგი სკოლა აქვთ, ბევრი კომპონენტი დავხვეწეთ და მეც რწმენა მომემატა. ბაკურიანში ფიზიკური შეკრება გავიარეთ, შემდეგ ყვარელში და, ერთი სიტყვით, მსოფლიოს მთავარი ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბრაზილიაში 10-12 დღით ადრე ჩავედით, რაც აკლიმატიზაციაშიც დაგვეხმარა და თან წონის დაკლებაც უფრო გაგვიმარტივდა. ცირეკიძის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი ქართველს მოგებული არ ჰქონდა და სასიხარულოა, რომ მე და ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. გული იმაზე მწყდება, რომ ფინალში ორივემ ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ფინალში ვისაც შეხვდა, 5-6 თვით ადრე მისთვის ლიპარტელიანს ჰქონდა მოგებული, 3 თვით ადრე კი ჩემი მეტოქე მეც მყავდა დამარცხებული. ნახევარფინალურ შეხვედრაში რუს სპორტსმენს შევხვდი და დიდი ენერგია შევალიე. თავად იმდენად დაიღალა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ სულ რაღაც 15 წუთი მომიწია დასვენება და ფინალისთვის ძალების სათანადოდ აღდგენა ვერ შევძელი. მოკლედ, ფრანგი პიეტრიც მიემატა იმ სპორტსმენთა რიცხვს, ვის წინააღმდეგაც განსაკუთრებული განწყობით ვჭიდაობ. ასეთები არიან, მაგალითად, რუსი ნიფონტოვი და ამერიკელი ტრევის სტივენსი, რომელთანაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე დავმარცხდი და ახლა, ცოტა ხნის წინ, უკვე მეორეჯერ მოვუგე.

ქართველი და რუსი ძიუდოისტების დაპირისპირება ცალკე მოვლენა გახდა. ინტრიგა ამ ორი ქვეყნის სპორტსმენებს შორის შეხვედრებს აქამდეც ახლდა, მაგრამ წელს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. ქართველებმა რუსები ჯერ ევროპის, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური ჩათვლის ფინალში დაამარცხეს. ამ ყველაფერს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გრძნობენ და საქართველო-რუსეთი ყველასათვის საინტერესო სანახაობადაა მიჩნეული.

რუსეთის წინააღმდეგ გაათმაგებული განწყობით გამოვდივართ, მათთან წაგების უფლება არ გვაქვს. სპორტსმენებს ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ როდესაც საქმე ჭიდაობაზე მიდგება, ყოველთვის გვინდა საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ავწიოთ. რუსებთან ეს განსაკუთრებულად ასეა, გვსურს ქართველი ხალხი გავახაროთ და გამარჯვება იმ დაღუპულ მებრძოლებს მივუძღვნათ. დიდი თუ არა, ქართველებისთვის ეს პატარა საქმე მაინცაა. სულ ასე ვამბობთ ხოლმე – ოღონდ რუსთან არ წავაგოთ, ოღონდ რუსთან არა...

ლუკ პიეტრის და ავთანდილ ჭრიკიშვილის ორთაბრძოლა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე. აგვისტო 2013, ბრაზილია ფოტო: AFP
ვლადიმირ პუტინი ხშირად ესწრება ხოლმე ძიუდოს ტურნირებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალში, როდესაც რუსებს ვხვდებოდით, პუტინი იქ იმყოფებოდა და თანამემამულეების დაჯილდოება სურდა. ჩვენ რუსები დავამარცხეთ და დაჯილდოებაც სხვანაირად წარიმართა... არ ეგონათ, რომ მოვუგებდით და პუტინი ტელევიზიითაც აღარ უჩვენებიათ, თითქოს არც მისულა.

საქართველოს ნაკრები დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თითოეულ წონაში გამორჩეული სპორტსმენები ასპარეზობენ და გუნდური დაპირისპირებისას ნაჩვენები უმაღლესი შედეგები კი ნაკრების წევრების შეკრულობაზე მეტყველებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების კანდიდატებიც და ახალგაზრდებიც ძლიერი სპორტსმენები არიან, რაზეც კონკურენტულ გარემოში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატიც მიუთითებს და ახალგაზრდული ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაც.

ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი გვყავს. ერთმანეთის კარგი გვიხარია, როდესაც ვხედავთ რომელიმე ჩვენგანი ჭიდაობს, საკუთარ თავს წაგების უფლებას არ ვაძლევთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს განაცხადი რომ შეგვევსო და მონაწილეობა მიგვეღო, ყველა წონაში უნდა გვყოლოდა სპორტსმენი, ამიტომ ლაშა შავდათუაშვილს ორ დღეში ექვსი კილოგრამის დაკლება მოუწია. ორი დღის განმავლობაში ბიჭს არ უჭამია, არ დაულევია და ამასთან ერთად დარბოდა კიდეც. გვთხოვა, უბრალოდ გამომყევით, რომ თუ დავეცემი, დამიჭიროთო. ეს ყველაფერი ლაშამ გუნდის გულისთვის გააკეთა და წარმოიდგინეთ, ამის შემხედვარე როგორი სულისკვეთებით ვიყავით გამსჭვალულები. ისეთ მდგომარეობაში იყო, შავდათუაშვილისგან მოგებას ვინ მოითხოვდა, მან ყველა შეხვედრა წააგო, მაგრამ როდესაც ვუყურებდით, როგორ იბრძოდა, მხოლოდ მისი გულისთვის გვინდოდა თითოეული შეხვედრის მოგება.

საერთოდ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. გვერდიდან რომ შევხედო, ვფიქრობ, წამყვან ტურნირებზე ყველა წონაში, ნებისმიერ ძიუდოისტს აქვს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის შანსი. ყველა ამბობს, ასეთი ძლიერი ნაკრები ჯერ არ გვყოლიაო და იმედია, მართლაც ასე იქნება. აღსანიშნავია, რომ გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, ყველაზე დიდი 27 წლის ადამ ოქრუაშვილია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს მიღმა ვინც არიან, ის სპორტსმენები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. კარგი თაობა მოდის: ღვინიაშვილი, მარგიანი, გიგანი, ჩხვიმიანი – ეს ის ხალხია, ვისაც საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლია ნაკრების მუდმივი წევრების შეცვლა.

ჭრიკიშვილი ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში, 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია. ევროპის ჩემპიონი კია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვერმოგება, ეტყობა, რომ ძალიან ეწყინა და სიტუაციის გამოსწორებას შემდეგ წელს, ჩელიაბინსკში ეცდება. რას შეიძლება ველოდოთ ამ ძალიან პერსპექტიული სპორტსმენისაგან? მხოლოდ უმაღლეს შედეგებს – თუ 2013 წელს გადავხედავთ, სხვაგვარი მოსაზრება უბრალოდ ვერ გაგვიჩნდება. თუ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას, პრინციპულობას და მობილიზების უნარს გავითვალისწინებთ, ამ ყველაფერს ნიჭი რომ დაემატება, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჭრიკიშვილი კიდევ არაერთხელ ააწევინებს ქართულ დროშას...

მსოფლიოს ჩემპიონობას ვაპირებ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, რა თქმა უნდა, იქ ოქროს მოსაგებად წავალ, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა. მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი ვარ და არა მგონია, ჩემს წონაში არსებობდეს ისეთი ძიუდოისტი, ვისაც ვერ დავამარცხებ. სანამ შემეძლება, სპორტში იქამდე დავრჩები და მაქსიმუმს გავიღებ, რომ შემდეგ არ ვთქვა – შემეძლო და არ გავაკეთე-მეთქი. მინიმუმ 2020-მდე ჭიდაობას ვაპირებ, თუ შემდეგაც შევძლებ, რატომაც არა? გავაგრძელებ.

ვფიქრობ, სულ ცოტა შვიდი-რვა წელი ვიჭიდავებ. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალური შეხვედრა დამთავრდა, ვფიქრობდი, შემდეგი მსოფლიოს პირველობა როდის მოვა-თქო... ჟინი არ მაკლია, ერთი არ მაკმაყოფილებს, მსურს ორჯერ, სამჯერ გავხდე ჩემპიონი. სპორტში წარმატება ძალიან დიდი შრომისა და წვალების ხარჯზე მოდის, ამიტომ ისეთებს, ვინც ერთჯერადი მიღწევით კმაყოფილდებიან, ვერ დავძრახავ, მაგრამ მე ასე არ ვუდგები – მაქსიმალისტი ვარ. ისეთი არაფრისთვის მიმიღწევია, რომ ამაზე გავჩერდე. ყოველ წელს, საკუთარ თავს პროგრესს ვატყობ და თან 22 წელი ისეთი ასაკია, დროდადრო უნარ-ჩვევები კიდევ უფრო უნდა განმივითარდეს. ეს საქმე მიყვარს და ვფიქრობ, ამაზე კარგად ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებ...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა ვაშალომიძე

კომენტარები