შეტაკებები უკრაინაში

მარგველაშვილი: უკრაინის შიდა საქმეებში ასე პირდაპირ ვერ ჩავერევით

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სიტუაციის დაძაბვის პარალელურად, აქცენტი ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა გადავიდეს. პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი და საქართველოს მთავრობა ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით პირველივე დღეებიდან, ვილნიუსიდან ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებდით, რომ ჩვენთვის იქნებოდა უაღრესად სასიხარულო და მივესალმებოდით იმას, რომ უკრაინა, საქართველოს მსგავსად, წასულიყო ერთიან ევროპულ პოლიტიკურ პროცესში. ამასთან ერთად, ჩვენ იმასაც ვაფიქსირებდით, რომ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. სიტუაციის დაძაბვის პარალელურად, ჩვენ გვინდა, რომ ჰუმანურ და ჰუმანიტარულ პრობლემებზე გადავიტანოთ აქცენტი. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ, უკრაინამ და აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებმა იარონ ერთიან ძლიერ ევროპულ პროცესში, მაგრამ ახლა ძალიან მნიშველოვანია ჰუმანიტარული თემები. გული გვტკივა, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინაში მსხვერპლია. ჩვენ გვადარდებს და გვაღელვებს ის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ გაუფრთხილდნენ მთავარს - ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ეს არის ქვეყნის ერთიანობა. რა თქმა უნდა, ამ ემოციამ უნდა გაიმარჯვოს, რაციონალური მშვიდი დიალოგის შედეგად უნდა მოხდეს მთავარის შენარჩუნება, ადამიანის სიცოცხლის დაცულობა უნდა იყოს გარანტირებული და ქვეყნის მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული უკრაინაში. ამასვდროულად, მინდა გითხრათ, რომ უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი და ჩვენ ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივ არეულობებში მონაწილეობის ბრალდებით 73 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამინისტროს ცნობით, შეტაკებების შედეგად 254 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 104 საავადმყოფოში იმყოფება. მათ სხვადასხვა ტიპის მოტეხილობები, დამწვრობები და უცნობი ნივთიერებებით მოწამვა აღენიშნებათ.

ბერკუტსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები კიევის ცენტრში 19 იანვარს დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებების შედეგად 5 პირის დაღუპვის შესახებ, რომლთა სიკვდილიც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. თუმცა უკრაინის გენპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი პირის დაღუპვა დაადასტურა.

კომენტარები