საქართველოს ეკონომიკა

ევროინტეგრაციის პროცესი და ქართული ეკონომიკის ზრდა

„აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:

წელიწადში 12% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.

წელიწადში 10% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის.

წელიწადში 7% – 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.

წელიწადში 4% – 2040 წელს ვიქნებით ბანძები.

წელიწადში 2% – 2040 წელს არ ვიქნებით.

არაფერი არ ვიქნებით", – 2010 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებულ ძალიან პოპულარულ წერილში „მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და გასაკეთებელი არჩევანი" კახა ბენდუქიძის მიერ საკითხის ასეთმა მკვეთრმა დასმამ მაშინ ბევრი ჩააფიქრა.

ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპის მნიშვნელოვნად შემცირებამ ჩვენ წინაშე მდგარი დილემები კიდევ უფრო დრამატული გახადა.

ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ბულგარეთს ჰქონდა. მაგალითად, 2007 წლის 1 იანვრისათვის, როდესაც რუმინეთი და ბულგარეთი კლუბის წევრები გახდნენ, ბულგარეთის მშპ 25-წევრიანი ევროკავშირის საშუალო მშპ-ის 40% იყო.

რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდა გვინდა იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეზე. თუ ერთ სულზე წლიური შემოსავალი 2003 წელს 2961 აშშ დოლარი იყო (მსყიდველობისუნარიანობის თანაბრობაზე დაფუძნებული გათვლებით), 2012 წლამდე ის 1.7-ჯერ გაიზარდა და 4943 აშშ დოლარს მიაღწია.

წერილში „ნაციონალური მოძრაობის შეცდომები" (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე sapere8aude.wordpress.com) ვწერდი:

„9 წლის განმავლობაში მიღწეული შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოახერხა ამ ზრდის პოზიტიური შედეგების თითოეულ ოჯახამდე მიტანა. ვერ გაამტყუნებ. წლიური 3200 აშშ დოლარი ერთ სულზე (მსყიდველობისუნარიანობის თანაბრობაზე დაფუძნებული გათვლების გარეშე) მაინც არასაკმარისი მაჩვენებელია საიმისოდ, რომ ჩავთვალოთ – საქართველო გამოვიდა სიღარიბიდან. შედეგად, ნოყიერი ნიადაგი არსებობდა და, სამწუხაროდ, კარგა ხანს იარსებებს პოლიტიკური პოპულიზმისთვის".

ასეც მოხდა. პოლიტიკურმა პოპულიზმმა გაიმარჯვა.

თუმცა, როგორც წერილში „სამი კაკალი კონკიასათვის" (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე sapere8aude.wordpress.com) ვწერდი: „დღეს უკვე მეტი და მეტი ადამიანისთვის ხდება ნათელი, რომ როგორი „სოციალურად ორიენტირებულიც" არ უნდა გახადოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ბიუჯეტი, რამდენიც არ უნდა იდავოს კოალიციამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იმაზე, როგორია მართებული ბალანსი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებზე მიმართულ ფინანსებსა და სოციალურ დანახარჯებს შორის, „ჯადოსნური ჯოხი", რომელიც ერთ წამში გოგრას ეტლად აქცევდა, არ არსებობს. შესაბამისად, კოალიცია „ქართული ოცნების" მმართველობა იქნება იმ უტოპიის დასრულება, რომ „ყველანი უცბად მაგრად და ჯიგრულად ვიქნებით".

გასაგებია, რომ „ყველანი უცბად მაგრად და ჯიგრულად ვერ ვიქნებით", მაგრამ არც გულზე ხელის დაკრეფა გვარგებს. თუ ახლა თავდაუზოგავად არ ვიშრომეთ და ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპი ისევ საშუალო 6.4%-იან ზრდას არ დავუბრუნეთ (როგორც ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო), არამხოლოდ საკუთარი ჯიბის სიცარიელე შეგვაწუხებს.

როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ლამის მილიარდიან გარღვევაზე პოლიტიკოსები ვშფოთავთ, საზოგადოებიდან პირველი კითხვა ესაა: „პენსიებს დაარიგებენ?". პასუხი მარტივია: პენსიებს დაარიგებენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. „აბა, რა გვაღელვებს?" – ისმის დამატებითი კითხვა.

სწორედ იმიტომ, რომ პენსიონერმა და სოციალურად დაუცველმა არ იგრძნოს, მთავრობას ექნება ცდუნება სოციალური ვალდებულებები გაისტუმროს, მაგრამ ნაკლები ან თითქმის არაფერი დახარჯოს განვითარებაზე; სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე; ბიუროკრატიისათვის მოტივაციის გაზრდაზე; კორუფციის დაბალი დონის შენარჩუნებაზე.

ეს ყველაფერი კი ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო კლიმატი აღდგეს და ეკონომიკამ ზრდა სასურველი ტემპით გააგრძელოს. აქ ისევ კახა ბენდუქიძის კითხვას ვუბრუნდები: რომელია „სასურველი ტემპი"? კითხვას ჩვენი ევროპული მისწრაფებების ჭრილში ვუპასუხებ.

ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებლები (არ ვგულისხმობ ევროზონის წევრობისთვის აუცილებელ მაასტრიხტის კრიტერიუმებს) ბულგარეთს ჰქონდა. მაგალითად, 2007 წლის 1 იანვრისათვის, როდესაც რუმინეთი და ბულგარეთი კლუბის წევრები გახდნენ, ბულგარეთის მშპ 25-წევრიანი ევროკავშირის საშუალო მშპ-ის 40% იყო. ასევე, ბულგარეთის საგარეო ვაჭრობის 58% ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობაზე მოდიოდა.

3 წლის წინათ ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ასეთ ექსტრაპოლაციას მიმართეს: მიიღეს რა მხედველობაში სხვადასხვა გარემოებები (ევროკავშირის ეკონომიკისა და მოსახლეობის ზრდის საშუალო მაჩვენებლები ბოლო 40 წლის განმავლობაში, ინფლაცია, საქართველოს ანალოგიურად საშუალო მაჩვენებლები 2003 წლიდან მოყოლებული), ისინი შეეცადნენ ევარაუდათ, ეკონომიკის საშუალოდ რამდენპროცენტიანი ზრდის პირობებში მიაღწევდა საქართველო ბულგარეთის ზემოხსენებულ თუნდაც 2 მაჩვენებელს.

ვიდრე შედეგებზე მოგახსენებდეთ, კიდევ ერთხელ განვმარტავ კვლევის ამოცანას: წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი არაეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს; მაშ, რა მინიმალურ ეკონომიკურ პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ (ვიმეორებ, არ ვგულისხმობ მაასტრიხტის კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების აუცილებლობა დღის წესრიგში დგება, როცა ქვეყნის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება პრინციპულად მიღებულია – ზ.ჭ.), რომ ევროპისთვის საინტერესო ქვეყანა ვიყოთ და ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე – რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი – ამან დადებითი ზეგავლენა მოახდინოს.

კვლევამ აჩვენა, რომ თუ ყოველწლიურად 9%-ით გაიზრდება, საქართველო იმ დონეს, რაც ბულგარეთს ჰქონდა 25-წევრიან ევროკავშირთან მიმართებით 2007 წელს, აწ უკვე 28-წევრიან ევროკავშირთან მიმართებით მიაღწევს 2022 წელს, ხოლო თუ ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება – 2029 წელს.

შესაბამისად, ჩვენ ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპზე მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვღელავდეთ, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე (რა თქმა უნდა, ეს შეშფოთების მთავარი საგანია), არამედ იმიტომაც, რომ ეკონომიკური განვითარების დღევანდელ დონეზე მყოფი საქართველო ვერ იქნება მიმზიდველი ევროკავშირისთვის, სხვა ხელისშემშლელი პოლიტიკური ფაქტორებიც რომ არ იყოს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეკონომიკის ზრდა და ბიუჯეტში მეტი სახსრების აკუმულირება ასევე გადამწყვეტია NATO-ს და ევროკავშირის წევრობისთვის ხელისშემშლელი სხვა პოლიტიკური ფაქტორების ნეიტრალიზებისთვის. რაც მეტს დავხარჯავთ დიპლომატიაზე, მით მეტად შევძლებთ რუსეთის აგრესიის შეკავებას, მაგრამ დიპლომატიაზე მეტის დახარჯვას სწორედაც რომ ძლიერი ქართული ეკონომიკა სჭირდება.

დაბოლოს, არაერთხელ მსმენია, რომ კახა ბენდუქიძის ლიბერტარიანული მიდგომებით ევროკავშირში ვერ შევალთ. ფორმალურად ეს შეიძლება ასეც იყოს: ევროკავშირში რომ შევიდეთ, ისეთი რეგულაციების აღდგენა შეიძლება გვჭირდებოდეს (მაგალითად, სურსათის უვნებლობის ინსპექცია), რომელთა გაუქმება 2004-2006 წლებში სწორედ კახა ბენდუქიძის სახელს უკავშირდება.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: რომ არა ამ რეგულაციების და კორუმპირებული სააგენტოების გაუქმება, ქართული ეკონომიკა 2003-2012 წლებში საშუალოდ 6.4%-ით ვერ გაიზრდებოდა. აუცილებელია მინიმალური რეგულაციები აღვადგინოთ, როცა ეს ფორმალურად საჭირო გახდება და ნუ ვიზამთ ამას უბრალოდ ბენდუქიძის თუ, ზოგადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჯიბრზე და რომელიმე საერთაშორისო ექსპერტის საამებლად.

ვიმეორებ: თუ ქართული ეკონომიკა სწრაფად არ გაიზარდა და ამ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანას რეგულაციების ხუნდები გაუაზრებლად დავადეთ, ევროკავშირის წევრობაზე ქართული ოცნება, როგორც მინიმუმ, 2020-იანი წლებიდან 2030-იან წლებში გადაინაცვლებს.

არავის გვინდა, არაფერი ვიყოთ.

კომენტარები