საყდრისი

ოდიშარია: საყდრისი ძეგლი არ არის, არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობა აქვს

გურამ ოდიშარია
primetimenews.ge

საყდრისი ამჟამად ძეგლი არ არის. ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საყდრისის ზონა, როგორც არქეოლოგიური ზონა მოიხსნა, მაგრამ "იმ ობიექტს აქვს არქეოლოგიური ობიექტის მნიშვნელობა და ეს ნიშნავს რომ ის დაცულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მისი დაზიანება".

კულტურის მინისტრის განცხადებით, საყდრისს ძეგლის სტატუსი არ მოხსნია. "იმ დროს როცა წერილი შემოვიდა ჩვენთან, სამინისტროში შეიქმნა კომისია.კომისია დაინტერესდა, უპირველეს ყოვლისა, საყდრისის პასპორტით ანუ რა სახის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ეს - ოქროს მოიპოვებდნენ, სპილენძს, თუ შეიძლება კიდევ რამე სხვა არსებობდა. ამის დოკუმენტაცია სამინისტროში უნდა ყოფილიყო და მოვიძიეთ ეს ყველაფერი: იმ ჩამოთვლილ 4 ათას ძეგლს შორის, რომელსაც ძეგლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს და ნელ-ნელა დამოუკიდებელ საქართველოში ხდებოდა მათთვის ამ სტატუსის მინიჭების აღდგენა, სულ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა საყდრისი. კომისიამ მოიძია დოკუმენტაცია: არ აღმოჩნდა არც ერთ ჟურნალში, არც მეორე ჟურნალში, არც არქივში. კომისიის წევრები, რომლებიც მაშინ, საბჭოთა დროს, მუშაობდნენ ცოცხლები არიან და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ - ვერც ისინი იხსენებენ, ვინმემ შემოიტანა ქაღალდი თუ არა", - აღნიშნა ოდიშარიამ.

კულტურის მინისტრის თქმით, კომისიამ ბათილად ცნო უკანონო აქტი. "ამიტომაც ამას არ ჰქვია სტატუსის მოხსნა. სტატუსის მოხსნა სხვანაირად მიმდინარეობს. მანდ სტრატეგიული საბჭო არსებობს და ის ხსნის სტატუსს ძეგლს. წერია კიდეც, რომ ძეგლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოეხსნას სტატუსი, როდესაც ის უკვე დაიშალა, დაინგრა, დაკარგა პირვანდელი თავისი სახე და ა.შ." - აღნიშნა ოდიშარიამ.

გურამ ოდიშარიას თქმით,საყდრისის საკითხი არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების, მხოლოდ ერთი უწყების გადასაწყვეტი. "ეს არის უკვე საყდრისის თემა იმდენად მტკივნეული, იმდენად მნიშვნელოვანი გახდა მთელი ქართული საზოგადოებისთვის, რომ აქ უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება ანუ ამ გადაწყევტილების მიღებაში საზოგადოება მთლიანად და ასევე სპეციალისტებმა, ექსპერტებმა - ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა" - აღნიშნა კულტურის მინისტრმა. მისივე თქმით, მას არ შეუძლია დაასახელოს კონკრეტული ვადები, თუ რა ვადებში მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება: "ჩვენ შეგვიძლია ძეგლზე ვისაუბროთ, მის მომავალ სტატუსზე, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება ვიცოდეთ, რა რაოდენობის არის ის მადნეული რაც მანდ მოიპოვება. აქ სხვა წვდომაა საჭირო, არიან დასაქმებული ადამიანები, რა ბედი ელით მათ".

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, მადნეულის მოპოვებით დაინტერესებული კომპანიის საჩივრის საფუძველზე, რომელიც მან პრემიერმინისტრის სახელზე დაწერა, მთავრობის კანცელარიაში უახლოეს მომავალში მსჯელობა გაიმართება. "მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვცდილობდით, ჩვენ ვოცნებობდით, ძალიან გვინდოდა ერთი რამ და გვინდა ეხლაც, მანდ დარჩეს ეს ობიექტი" - აღნიშნა ოდიშარიამ. 

კომენტარები