თბილისის ბიუჯეტი

სამუშია: მერიას არ წარმოუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს

BPN.GE

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიას ამ დრომდე არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს. როგორც სამუშიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, მერია ვალდებულია, საკრებულოს ქალაქის პრობლემატიკაზე მორგებული ბიუჯეტი წარუდგინოს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის ხელში ვაგდებთ თბილისის ბიუჯეტს. საკრებულო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ქალაქის 785-მილიონიანი ბიუჯეტი იმ ადამიანებს მისცეს განსაკარგად, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ თბილისის ბიუჯეტს იყენებდნენ პარტიული ინტერესებისთვის“, - განაცხადა სამუშიამ.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია.

კომენტარები