ვუდი ალენი

შვილობილი აცხადებს, რომ ვუდი ალენმა 7 წლის ასაკში გააუპატიურა

ვუდი ალენი, დილან ფეროუ, მია ფეროუ და სატჩელ ფეროუ
CNN

რეჟისორ ვუდი ალენის შვილობილმა დილან ფეროუმ ნიუ-იორკ ტაიმსის ბლოგზე გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც ის რეჟისორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, როცა 7 წლის იყო.

"ვუდი ალენის რომელი ფილმია თქვენი ფავორიტი? სანამ უპასუხებთ, უნდა იცოდეთ, რომ როცა მე 7 წლის ვიყავი, ვუდი ალენმა ხელში ამიყვანა და პატარა, კარადის მსგავს ოთახში ამიყვანა ჩვენი სახლის მეორე სართულზე. მან მითხრა, რომ მუცელზე დავწოლილიყავი და მეთამაშა ჩემი ძმის სათამაშო ელექტრო მატარებლით. მაშინ მან სექსუალური ძალა იხმარა ჩემზე. ის მეუბნებოდა, რომ მომხდარი არავისთვის მეთქვა, რომ მე კარგი გოგო ვიყავი და ეს იქნებოდა ჩვენი საიდუმლო. ის პარიზში წაყვანას და თავისი ფილმების ვარსკვლავად ქცევას დამპირდა. მახსოვს, რომ იმ დროს მატარებელს ვუყურებდი, რომელიც წრეზე მოძრაობდა. იმ დღის შემდეგ მე სათამაშო მატარებლების ყურება მიჭირს", - წერს ვუდი ალენის შვილობილი ღია წერილში.

დილან ფეროუმ წერილი ნიუ-იორკ ტაიმსის ვებგვერდზე, ერთ-ერთი ავტორის, ნიკოლას კრისტოფის ბლოგზე გამოაქვეყნა. ნიკოლას კრისტოფი განმარტავს, თუ რატომ დაუთმო სივრცე დილან ფეროუს წერილს. კრისტოფის თქმით, 1993 წელს პრესა აჭრელებული იყო ინფორმაციით, რომ ვუდი ალენმა თავისი შვილობილი გააუპატიურა, თუმცა, რეჟისორი მაშინ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ ვუდი ალენი მაშინ არ გაასამართლეს, ეს სკანდალი ვუდი ალენისა და მია ფეროუს დაშორების მიზეზი გახდა. რეჟისორი პირველად სწორედ მია ფეროუმ დაადანაშაულა 7 წლის ბავშვის გაუპატიურებაში.

"ვუდი ალენი იმსახურებს უდანაშაულობის პრეზუმფციას. მაშ, რატომ დავუთმე ამ ამბავს ჩემი ბლოგი? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ოქროს გლობუსის გადაცემამ ვუდი ალენისთვის წარმოშვა დისკუსია, თუ რამდენად შესაფერისია ეს ჯილდო და ხომ არ არის ბუტაფორიული. ეს ნაწილობრივ იმიტომაც გავაკეთე, რომ საქმე აქ ცნობილ ადამიანს კი არა, სექსუალურ ძალადობას ეხება", - წერს ნიკოლას კრისტოფი.

დილან ფეროუს ღია წერილი იმ დღეს გამოქვეყნდა, როცა სცენარისტთა გილდიამ ვუდი ალენი საუკეთესო სცენარის ნომინაციაში დაასახელა ფილმისთვის Blue Jasmin.

CNN-ის ინფორმაციით, რეჟისორს ბრალდებისთვის ჯერ არ უპასუხია. ტელეარხმა ცადა მისი კომენტარის მოპოვება, თუმცა, უშედეგოდ.

კომენტარები