არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

ივანიშვილი: "მოქალაქე" დაქირავნობის უნარ-ჩვევების დაჩქარებაში დაგეხმარებათ

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონში მიმდინარეობს. დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაციის დანიშნულებაზე ისაუბრა.

"ჩემი ოცნება იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების აღსრულებისთვის მომიწია პოლიტიკაში მოკლე დროით მოსვლა და ამასვე ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. თავისუფალი მოქალაქეობა არის ყველაზე დიდი ბედნიერებაც და ყველაზე დიდი ტვირთიც. ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია მოქალაქე. მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ინდივიდს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა, არა მარტო მათზე, ვისთანაც ცხოვრობს, ან ვინც უყვარს, არამედ ყველა თანამოქალაქეზე. იმაზეც, ვისაც საერთოდ არ იცნობს, ან სულაც არ მოსწონს. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერისა და ამიტომ ჩვენი წარმატებები უნდა ვეძებოთ მთელი ერის წარმატებაში და არა ცალკე.

დიახ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, კარგად როგორ ვიქირავოთ ხელისუფლება. პირველ რიგში, ჩვენ კარგად უნდა ვისწავლოთ, ვინ ავირჩიოთ. "მოქალაქე" იქნება ძირითადი დანიშნულება იმის, რომ საზოგადოებას დაეხმაროს დაქირავნობის უნარ-ჩვევების დაჩქარებაში. რა თქმა უნდა, თქვენი როლი არის უდიდესი ამ პროცესში. მე მყავს მხედველობაში მედია. ამიტომაც ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება თქვენსკენაა მომართული. მოქალაქის დანიშნულება იქნება, რომ დაეხმროს მედიას ტრენინგების და სხვა კვალიფიკაციის გადამზადებაში. ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება. მხოლოდ დავაფინანსებთ და ორგანიზებას გავუკეთებთ, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი. დავეხმარებით გრანტებით, რომ სრულყოფილი ანალიზის გაკეთების საშუალება ჰქონდეს ყველა მედიასაშუალებას, დროული და, რაც მთავარია, ობიექტური. მედია ასე გაუზრდის საზოგადოებას თვისებას, რასაც ჰქვია დაქირავნობა. ასევე მომზადდება პერმანენტული კვლევები, რომლებიც მედიის მუშაობას შეაფასებს", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ორგანიზაცია იმუშავებს ეკონომიკის მიმართულებითაც.

"ძირითადი ყურადღების ცენტრი იქნება ეკონომიკა. სამოქალაქო საზოგადოების ხერხემალი გახლავთ დასაქმებული მოქალაქე, რომელსაც საკუთარი შემოსავლით შეუძლია, ღირსეულად არჩინოს საკუთარი ოჯახი. რაც მეტია დასაქმებული, რაც მეტია პროფესიონალი და მას აქვს არჩევის საშუალება, ერთი სამსახურიდან მეორეში გადავიდეს და საკუთარი პროფესიით თავი ირჩინოს, მით უფრო ძლიერი და მაგარია სამოქალაქო საზოგადოება. ამ მიმართულებით მე ბევრს ვმუშაობდი პოლიტიკაში ყოფნის დროსაც და ვაგრძელებ ახლაც. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილები, ეს შესაბამისად მოითხოვს გადამზადებას და ა.შ.", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ორგანიზაციას აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური, პოლიტიკური და სხვა მიმართულებებიც.

ორგანიზაციის ერთადერთი დამფუძნებელი ასევე გეგმავს რამდენიმე ახალი არასამთავრობოს დაფინანსებას სიმბოლური თანხით. ორგანიზაციები, სავარაუდოდ, კონკურსის წესით შეირჩევიან.

"სიმბოლური დაფინანსება უნდა იყოს 50 000 ლარი და არა მეტი, რომელიც წესდებაში მოცემულ მიმართულებებს განავითარებს და დაეხმარება საზოგადოებას, რასაც ჩვენ პირადად ვერ შევძლებთ.

ამის მსგავსი ორგანიზაცია არის უკვე დაფუძნებული. ეს დააფუძნა არჩილ კბილაშვილმა. ის გახლავთ პროფესიონალი იურისტი. ორგანიზაციის სახელიც არის ძალიან საინტერესო - ევროპული არჩევანი. სწორედ რომ სამართლის მიმართულებით დაეხმარება ის საზოგადოებას. არჩილ კბილაშვილს ჰყავს ძალიან კარგი გუნდი. მე ვიყავი მის ოფისში და საოცრად ევროპულად აქვს მოწყობილი. ის გახლდათ ძალიან წარმატებული ადვოკატი, კარგად იცით. ჰყავს საოცარი პარტნიორები.მათ აქვთ ძალიან ღირსეული შემოსავალი, პატიოსანი შრომით მიღებული და აქვთ პასუხისმგებლობის დიდი განცდა, რომ დაეხმარონ ქვეყანას ევროპის სვლისკენ დაჩქარებისთვის", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები