არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

ივანიშვილი: კმაყოფილი ვარ, ჩვენ გვყავს დღეს კარგი ხელისუფლება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს დღეს ძალიან კარგი ხელისუფლება ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე, მას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუსვა კითხვა, თუ რა სამი მთავარი შენიშვნა აქვს მთავრობის მიმართ და როგორ მიაწვდის მათ შენიშვნა-რეკომენდაციებს. ივანიშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ შენიშვნები ჩამოყალიბებული არ აქვს, თუმცა, აღნიშნა, რომ კმაყოფილია, "რადგან ქვეყანას ევროპული ტიპის ხელისუფლება ჰყავს". ამასთან, ივანიშვილის აზრით, ზოგადად, "ნაკლია, საზოგადოებაში არსებული გადაჭარბებული ემოციურობა და ხმაური". მისივე შეფასებით, "ამ ნაკლის გაღვივებას საპარლამენტო ოპოზიციის არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა იწვევს". 

"იმ პროცესებით თუ როგორ ვითარდება ხელისუფლება, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ გვყავს ევროპული ტიპის ხელისუფლება და მე შემიძლია, ნებისმიერი ოპონენტი კამათში გამოვიწვიო ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებას რაც შეეხება, რისთვისაც მოქალაქე დაფუძნდა, დაწყებულია ეს პროცესები. არსებობს მოქალაქის პასუხისმგებლობოს განცდა და უფრო მეტია საჭირო. ეს პროცესიც მიდის და ძალიან მომწონს ის პოლემიკა, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს. ჩვენ გვყავს დღეს კარგი ხელისუფლება, იდეალური ვერ გვეყოლება. სამოქალაქო საზოგადოებამაც ძალიან კარგი აქტიურობა გამოავლინა. ამას ყველაფერს სჭირდება ხარისხის ამაღლება და დახვეწა. სამი შენიშვნა ჩამოყალიბებული არ მაქვს. ზოგადად მიმაჩნია, რომ რასაც ვპირდებოდი საზოგადოებას, შევასრულეთ. ძალიან კარგი გუნდით მოვედით, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია დღეს ხელისუფლებაში მისი მეთაურის ხელმძღვანელობით და საქართველოს დღეს ჰყავს კარგი ხელისუფლება, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ საზოგადოება არ უნდა დაწყნარდეს და არ უნდა დაკმაყოფილდეს, მიდის კიდეც ეს პროცესი, მთავარი პრობლემა მაინც ჩვენი გარკვეულობაა ამ საკითხში, ჩვენ გვინდა ძალიან სწრაფად მივიღოთ ის, რასაც სჭირდება დრო და ეს, პირველ რიგში, შეეხება სამუშაო ადგილებს და ეკონომიკას და, საუბედუროდ, ეს ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორი სურვილიც გაგვაჩნია, მაგრამ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ "ზოგადად, კარგი პროცესი მიდის".

"თვითონ საზოგადოების აქტიურობაც ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, ზოგადად, რაც ნაკლია, არის გადაჭარბებული ემოციურობა და ხმაური, მე ვისურვებდი, რომ პერსპექტივაში ხარისხობრივად გაზრდილიყო შენიშვნაც და პასუხიც. ორივე მხარეს მოუწევს ამ მხრივ მუშაობა. ჩემი აზრით, ისევ ოპოზიციის არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის, იწვევს ამ ნაკლის გაღვივებას. ჩვენ გვაკლია პროფესიონალური კონტროლი საზოგადოების მხრიდან და ძალიან დიდი როლი აქვს ოპოზიციას ხელისუფლების კონტროლში. ამ მხრივ, საუბედუროდ, ოპოზიცია ძალიან ცუდად ასრულებს თავის ფუნქციას. ძირითადი ნაკლი ეს არის, რომ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია იყოს, ნაღდი, პროფესიონალური ოპონირების საშუალება ჰქონდეს მათ სიცრუის ნაცვლად. ჩვენი საზოგადოება უფრო წინ არის წასული და უკან ქაჩავს ოპოზიციის გაუაზრებელი ყვირილი ყველაფერზე, თეთრზე ისევ შავს გაიძახიან და ეს პოლემიკის ხარისხს წევს დაბლა. ოპონირება საჭიროა, მაგრამ ხარსიხიანი ოპონირება და არა ის, რასაც ისინი აკეთებენ ისევ, რაც ტრადიციულად იცოდნენ, როგორც ჩანს, მეტს ვეღარ შეძლებენ, მაგრამ ახალი ძალები წამოვლენ და ნელ-ნელა განვვითარდებით", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები