ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: პატრიარქსაც შეიძლება, შეეშალოს

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქის ეპისტოლეს იმ ნაწილზე ისაუბრა, სადაც ილია მეორე ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვებს პრობლემატურებს უწოდებს. ტაბულამ ივანიშვილს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა პატრიარქის აღნიშნულ მოსაზრებას. ივანიშვილის თქმით, ეკლესიის თემა ტაბუდადებული არ უნდა იყოს. ეკლესია საჭიროებს კრიტიკას, მინიშნებას და მითითებას. მისივე თქმით, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს.

"ჩვენ პატივს ვცემთ ისტორიას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას. პატივს ვცემ პატრიარქს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ბარიერი, რომ ეს თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი. პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური, ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული. ეს არ უნდა იყოს ასე. არ საჭიროებს ამას არც პატრიარქი და არც ეკლესია. ეკლესიაში იგივე პრობლემებია, რაც საზოგადოებაში და არ არის ნაკლები. ასეც უნდა იყოს. ეკლესიის მსახურნი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, მათი სამსახური არის ის და იქ აკეთებენ თავის მოვალეობას.

დამოკიდებულება, რაც საზოგადოებაში არსებობს, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება, შეეშალოთ იქაც და მოხდეს იქაც ცუდი ამბები. ასევე შეიძლება, იყოს დარღვევები და გაუგებრობები ეკლესიაშიც. ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. ისინი საჭიროებენ კრიტიკას, მინიშნებას და მითითებას.

შეიძლება, პატრიარქსაც შეეშალოს. პატრიარქმა შეიძლება, თქვას, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია. არ გვინდა ეს დოგმები. როდესაც ორ მეუღლეს საშუალება არ აქვს შვილის გაჩენის, ამაში მედიცინა ერევა და ახალი სიცოცხლე ჩნდება, ამაში საკამათო არაფერია", - თქვა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სუროგაციის თემას, ივანიშვილის აზრით, აღნიშნული საკითხი საკამათოა.

"შეიძლება, სუროგაციაზე იყოს საკამათო. ამაზე კანონმდებლობას დახვეწა სჭირდება. ამან გამოიწვია პოლემიკა ევროპის ქვეყნებშიც, პრობლემატურია ეს საკითხი - კომერციალიზაცია ამ თემით თუ დახმარება და ა.შ. სადებატოა სუროგატული დედის თემა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები