ხუდონჰესის მშენებლობა

ენერგეტიკის სამინისტრო: ომბუდსმენი კახა კალაძის დისკრედიტაციას ცდილობს

0 კომენტარი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, სახალხო დამცველი კახა კალაძის დისკრედიტაციას ცდილობს. უწყება აღნიშნავს, რომ ომბუდსმენი ბოლო პერიოდში "ენერგეტიკის სამინისტროს დაუმსახურებლად აკრიტიკებს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის - ხუდონჰესის თემაზე". უწყების განცხადებით, ამას დაემატა სამინისტროს დადანაშაულება საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე უარის თქმაში. 

"სამწუხაროდ, ბოლო აღარ უჩანს სახალხო დამცველის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას. გულისტკივილით აღვნიშნავთ ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროს დაუმსახურებელ კრიტიკას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის - ხუდონჰესის ირგვლივ, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და მას დაემატა სამინისტროს დადანაშაულება ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე უარის თქმაში. ღიად ვაცხადებთ, სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა ყველა მონაწილე მხარისთვის, როგორც ხუდონჰესის, ასევე სამინისტროს ყველა სხვა აქტივობებთან დაკავშირებით შეხვედრების და დისკუსიების გასამართად. სოფელ ხაიშის მოსახლეობასთან დიალოგზე და კონსტრუქციულ დისკუსიაში მონაწილეობაზე სამინისტროს არასოდეს უარი არ უთქვამს და ჩვენთვის ამის მითითება უბრალოდ ზედმეტად მიგვაჩნია. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სამინისტრო და პირადად კახა კალაძე, სრულად იზიარებს ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს და უზრუნველყოფს ინვესტორთან თუ ხელისუფლებასთან მათი კანონიერი უფლებების დაცვას, რაც არაერთხელ გაჟღერებულა სამინისტროს წარმომადგენლების და თავად მინისტრის მხრიდან. როგორც ყველასთვის ცნობილია, სახალხო დამცველი კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. შესაბამისად, ასეთი ფაქტების არარსებობის პირობებში, ან თუნდაც სათანადო წესით ასეთი ფაქტების დადგენამდე, სახალხო დამცველის მხრიდან საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება, მით უმეტეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით, უხერხულად მიგვაჩნია.

უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება და პოზიცია დიდი ყურადღების საგანია საზოგადოებისთვის და მეტ სერიოზულობას მოითხოვს. ენერგეტიკის სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შეხვედრის თხოვნა ოფიციალურად არ შემოსულა და სამინისტროს სახალხო დამცველთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. გვსურს, ახლაც გამოვხატოთ სურვილი და მზადყოფნა სახალხო დამცველთან შეხვედრების და კონსულტაციების გასამართად და გვჯერა, შევძლებთ მის დარწმუნებას იმაში, რომ კახა კალაძის უწყებას ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. რაც შეეხება ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტას, ის სცილდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს", - აცხადებს ენერგეტიკის სამინისტრო.

ცნობისთვის, ომბუდსმენი ენერგეტიკის მინისტრისგან მისი მისამართით გაკეთებულ "შეურაცხმყოფელ განცხადებაზე" განმარტებას ითხოვს. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, კახა კალაძემ და ინვესტორმა კომპანიამ ხაიშელებთან დიალოგზე უარი განაცხადეს. ამ განცხადებას კახა კალაძემ სიცრუე უწოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები