დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია

მთავრობამ დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია დაამტკიცა

radiotavisupleba.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მთავრობამ დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია დაამტკიცა.

დარახველიძის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2012 წელს გაფორმებული ფინანსური მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში 5 მილიონი ევროთი გათვალისწინებულია დევნილთა შემოსავლების წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

"ამისათვის სამინისტროში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დევნილთა შემოსავლების წყაროების სააგენტო, რომელიც დაიწყებს ფუნქციონირებას და პერსპექტივაში არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ბანკმა დაამატოს კიდევ 2 მილიონი დოლარი, ხოლო 2015 წლიდან 30 მილიონ დოლარიანი პროექტი გაიხსნას. ეს გააუმჯობესებას დევნილთა ხელმისაწვდომობას შემოსავლებზე, გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას", - თქვა დარახველიძემ.

დარახველიძის განმარტებით, სტრატეგია გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესპროექტების დაფინანსებას, დევნილების სწავლას, ასევე ბიზნესგეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას. მინისტრის თქმით, სტრატეგია 4-წლიანია. თუმცა, შესაძლებელია, კიდევ გაგრძელდეს.

კომენტარები