სოჭი 2014

ფანჯიკიძე: სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე რუსეთის მხრიდან პროვოკაცია არ ყოფილა

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, არ შეიძლება რუსეთის პროვოკაციად ჩაითვალოს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძის თქმით ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე საქართველოს რუკა ისეთივეა, როგორიც რეალურად არის და დასძინა, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

"სამწუხაროდ, ტელევიზიით, რუკის ნახვის საშუალება არ მქონია, ვნახე მხოლოდ facebook-ზე. არ ვიცი სხვა ქვეყნების რუკები როგორ იყო წარდგენილი და საქართველოს რუკაზე ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა იყო ისეთი, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად" - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. 

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს დელეგაციის გამოჩენასთან ერთად მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულებით იყო დაფარული. 

კომენტარები