ივანიშვილი: პროკურორმა მერაბიშვილი გააუპატიურა, ნამუსი ახადა თუ რა მოხდა?

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ვანო მერაბიშვილის ბრალდება მისი გატაცების შესახებ აბსურდია.

"რა თქმა უნდა, უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას, არ მინდა დავაკნინო, რასაც კონტროლი ჰქვია, ამისთვის შემოვედი და ნახავენ ამას, მაგრამ ძირითადი თემა, რითაც დღეს საზოგადოებას აწვებიან გარეთ თუ შიგნით არის ის, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა ბრალდებული მერაბიშვილი. ამაზე დიდი აბსურდი წარმოგიდგენიათ, ამ დროს კი მერაბიშვილთან დაკავშირებით არის ეჭვი თავისუფალი მოქალაქის, გირგვლიანის მოტაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში წერია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი გამოძიების სწორ მსვლელობას ხელს უშლიდნენ. მერაბიშვილს კი დღეს მთელი მსოფლიო უნდა ფეხზე დააყენოს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა – რა უქნა მერე, გააუპატიურა, ნამუსი ახადა, თუ რა მოხდა? რისთვის მოიტაცა? – მიზანზე არ საუბრობენ, რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმარი მოიტაცოს? ამაზე დიდი აბსურდი გაგიგია? აი, ამ ანეკდოტზე დავიდნენ. მთავარ პროკურორს არ აქვს უფლება, პატიმარო ნახოს?", - თქვა ივანიშვილმა გადაცემაში შეხვედრები მწერალთა სახლში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - თქვა მერაბიშვილმა. 

კომენტარები