ლარის კურსი

ხადური ლარის კურსის ცვლილებაზე: ეს იყო დროებითი მოვლენა

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს, 10 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლარის კურსის ვარდნა დროებითი მოვლენა იყო და კურსი კვლავ დასტაბილურდება.

"მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა არ იყო საჭირო და ეს იყო დროებითი მოვლენა. ჩვენ დავინახეთ, რომ შეიცვალა სიტუაცია და გაიზარდა მოთხოვნა ლარზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მე ვფიქრობ, მალე ჩამოყალიბდება გაწონასწორების ახალი წერტილი", - თქვა ნოდარ ხადურმა.

ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეცემოდა. გაუფასურების მაქსიმუმს მან 1 თებერვალს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 თებერვალს 1 აშშ დოლარი 1.7824 ლარი ღირდა, სავალუტო ჯიხურებში კი - 1.80 ლარი. დღეისათვის, 10 თებერვლისთვის კი, 1 აშშ დოლარი დაახლოებით 1.74 ლარი ღირს.

ლარი ასევე გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. 30 იანვარს 1 ევრო 2.4369 ლარი ღირდა, დღეისათვის კი - დაახლოებით 2.37 ლარი.

კომენტარები