ავტომანქანები

TOYOTA-მ ბაზრიდან PRIUS HYBRID-ის 1.9 მილიონი მოდელი ხარვეზის გამო გაიწვია

TOYOTA PRIUS HYBRID

მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა TOYOTA-მ მსოფლიო მასშტაბით ახლადაღმოჩენილი ხარვეზის გამო 1 900 000 TOYOTA PRIUS HYBRID გაიწვია. მიზეზი პროგრამული ხარვეზია, რაც მოძრაობის მომენტში ავტომობილის მოულოდნელ გაჩერებას იწვევს.

ტოიოტა ცენტრ თბილისში ტაბულას განუცხადეს, რომ კომპანიას საქართველოდან არცერთი ავტომობილი არ გაუწვევია.

"ჩვენ 7-8 თვეა PRIUS HYBRID არ შემოგვიყვანია, ბოლო მოდელი კი 4 თვის წინ გავყიდეთ, TOYOTA-ს ხარვეზის გამო ჩვენგან ავტომობილები არ გაუწვევია", - განუცხადეს ტაბულას კომპანიის გაყიდვების განყოფილებაში.

TOYOTA-ს განცხადებით, ჯერჯერობით, ხარვეზის 400 შემთხვევა აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკასა და იაპონიაში გაყიდულ მოდელებში, თუმცა, ჯერ არ დაფიქსირებულა პრობლემით გამოწვეული უბედური შემთხვევა.

TOYOTA PRIUS HYBRID მასობრივად წარმოებული პირველი ჰიბრიდული ავტომობილია, რომლის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში TOYOTA-მ ხარვეზის გამო ბაზრიდან 10 მილიონზე მეტი ავტომობილი გაიწვია, ის ამ დრომდე მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ავტომწარმოებლად რჩება.

 

კომენტარები