განათლების საერთაშორისო გამოფენა

მე-4 საერთაშორისო გამოფენაში 106 საგანმანათლებლო ორგანიზაცია მონაწილეობს

ექსპო-ჯორჯია განათლების რიგით მე-4 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. მასში საქართველოში აკრედიტებული ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის, თავისუფალი უნივერსიტეტი, რომელმაც პავილიონში ყველა სკოლა წარმოადგინა.

"რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, აქ ყველაფერი ნაჩვენებია - ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები, ეს არის თანამედროვე სწავლის მეთოდები და რაც მთავარია, ძალიან ძლიერი სტუდენტები, ანუ აბიტურიენტი, რომელიც მოხვდება ჩვენს უნივერსიტეტში, მოხვდება ძალიან კარგ ატმოსფეროში. სადაც იქნება ძალიან ბევრი ძლიერი სტუდენტი და მათთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლის პროცესის" - თქვა თავისუფალი უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა ბენდუქიძემ.

გამოფენაში მონაწილეობს რამდენიმე ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტი და კოლეჯი. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ამა თუ იმ სასწავლებლის პროგრამას გაეცნონ და სხვადასხვა ფაკულტეტის ხელმძღვანელებს თუ უნივერსიტეტების რექტორებსაც უშუალოდ გაესაუბრონ.

გამოფენა, რომელიც ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში დღეს გაიხსნა, ორდღიანია და ხვალ დაიხურება.

კომენტარები