ეპისტოლე

ხუთი ეპისტოლე ქართველთა მიმართ

0 კომენტარი

„სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ და რაც შეიძლება ბევრი მედალი ჩამოვიტანოთ".
კახა კალაძე

პირველი ეპისტოლე

1. აშკარაზე საუბარი ყოველთვის ცუდ ტონად ითვლებოდა საქართველოში. შეიძლება არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ამჯერად მხოლოდ საქართველოზე ვისაუბრებთ.
2. ნუ დაანახებ ადამიანს იმას, რასაც თვითონაც მშვენივრად ხედავს, მაგრამ ურჩევნია არ დაინახოს.
3. ნუ დასვამ კითხვას, რომელზე პასუხიც ადამიანს უხერხულობას შეუქმნის. ნურც ისეთს, რომელზე პასუხის გაუცემლობაც მას ცუდად წარმოაჩენს. ანუ საერთოდ ნუ დასვამ კითხვებს.
4. კითხვების დასმა აზროვნების დაძალებაა. რამხელა ამპარტავნება და ნარცისიზმია აზროვნების დაძალებაში!
5. ამიტომ: ვინც კითხვებს სვამს, ის არ უყვართ.
6. ნუ იკამათებ, თუ დამარცხებას არ აპირებ. თუ კამათი მოიგე, მოპაექრე აზრს მაინც არ შეიცვლის, მხოლოდ განაწყენდება შენზე, რადგან მისი თავმოყვარეობა შელახე.
7. თუ გინდა ადამიანი დაითანხმო, მას ემოცია უნდა შეუცვალო. რაციონალური არგუმენტებით ემოცია არ იცვლება.

მეორე ეპისტოლე

8. რუსეთზე საუბარი ყოველთვის ცუდ ტონად ითვლებოდა საქართველოში. არაფრის დიდებით არ გჯეროდა რუსეთზე მოლაპარაკე ადამიანების. დასცინოდი კიდეც მათ. მაშინაც კი, როცა რუსეთი აშკარად გკლავდა და გიპყრობდა.
9. „ხომ არ შეიძლება, ყველგან რუსეთის აგენტები გელანდებოდეთ?" – კითხულობდი მობეზრებულად, თეიმურაზ ხევისთავის სნობიზმით და განაგრძობდი ინტელექტუალური სკეფსისით შენს თავში რუსეთზე მაღლა დგომას, ვიდრე ჯაყო მარგოს ასეირნებდა.
10. „ამდენი ლაპარაკის ბრალია, რომ ხალხი რუსულ საფრთხეს სერიოზულად ვეღარ აღიქვამს", ამბობდი და ყოველთვის აბსტრაქტულ „ხალხზე" მიუთითებდი („ხალხზე" – თორემ შენ ხომ ისედაც იცოდი ყველაფერი)...
11. გამოდის, არ უნდა ვილაპარაკოთ აშკარაზე, რომ „ხალხმა" აშკარა დაიჯეროს („ხალხმა" – თორემ შენ ხომ ისედაც იცი ყველაფერი?).
12. არ ვილაპარაკოთ რუსეთზე, რომ რუსეთის შიში არ გაუფასურდეს. ან, თუ ვილაპარაკებთ, ცოტა კარგიც ვთქვათ, რომ მიკერძოებაში არ ჩამოგვართვან და დამაჯერებლობა არ დავკარგოთ.
13. თუ რაღაც იმდენად აშკარაა, რომ ლაპარაკის და მტკიცების ღირსად არ მიგაჩნია (მაგალითად, ის, რომ საქართველოში სტალინის ძეგლები არ უნდა იდგეს), მაინც გისაყვედურებენ – რადგან ამ შემთხვევაში „ძეგლებს ებრძვი" იმის მაგივრად, რომ „ხალხი" გაანათლო. სხვისი აზროვნებაც ხომ შენი პასუხისმგებლობაა.
14. ასეა: ილაპარაკებ – წააგებ. არ ილაპარაკებ – მაინც წააგებ. ვერაფერს გააწყობ: კრიტიკოსი ყოველთვის მართალია.

მესამე ეპისტოლე

15. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამ და უკრაინულმა მოვლენებმა გაღიარებინა, რომ რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები აღარ აქვს.
16. ასევე გაღიარებინა, რომ მიუხედავად ბერკეტების არქონისა, რუსეთი ყველანაირად შეეცდება, ჩაშალოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.
17. ნუ შეიმჩნევ, რომ გავლენის ბერკეტების არქონა იმის დამსახურებაა, ვინც „უგუნურ" პოლიტიკას ატარებდა რუსეთის მიმართ. ნურც იმას იკითხავ, თუ ვინ ცდილობს რუსეთისთვის გავლენის ბერკეტების დაბრუნებას რუსული ბაზრის სანუკვარ მიზნად წარმოჩენით და ერთობლივი ენერგოპროექტებით. აკი ვთქვით: ნუ დაანახებ ადამიანს იმას, რასაც ისედაც მშვენივრად ხედავს.
18. დადგა ის უნიკალური დრო, როდესაც თეორიულად ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი გვებრძვის. თუმცა პრაქტიკაში ვიჭედებით: არ გვინდა რუსეთი კონკრეტულ ადამიანებში დავინახოთ. რუსეთის დანახვა ხომ გოიმობაა.
19. „თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის".
20. ალბათ გადამიყვარებ, მაგრამ მაინც უნდა დაგისვა რამდენიმე კითხვა. რამეთუ არ ვიცი, როგორ დაგაჯერო ისე, რომ არც არგუმენტი წავაგო და არც შენს ფაქიზ ემოციებზე ვითამაშო არაკეთილსინდისიერად. არავის ვეტყვი, რომ კითხვები დაგისვი. შენც ნუ გამიმხელ პასუხებს. ეგებ ასე გამოგვივიდეს?
21. გახსოვდეს: ყველა კითხვა შენ გეხება. შენ – და არა „ხალხს." „ხალხი" – ეს შენ ხარ. ყოველი შენგანი – „ხალხია".

მეოთხე ეპისტოლე

22. აქვს თუ არა რუსეთს ინტერესი, საქართველო ისევ ვასალად აქციოს? ამაზე მგონი უკვე შევთანხმდით.
23. იცვლებოდა თუ არა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იმის მიხედვით, თუ როგორი რიტორიკა ჰქონდა საქართველოს რუსეთის მიმართ? იყო თუ არა არსებითი განსხვავება რუსეთის საქართველოსადმი დამოკიდებულებაში სოციალ-დემოკრატიული, მრგვალი მაგიდის, მოქალაქეთა კავშირის, ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში? (ბოდიში – არ იფიქრო, რომ აშკარას დანახვას გაძალებ!).
24. არსებობენ თუ არა ბუნებაში რუსეთის აგენტები? თუ არსებობენ, რითი არიან ისინი დაკავებული? რაში იღებენ ხელფასს? რას აკეთებენ ისინი მაშინ, როცა ყოველდღე სამსახურში მიდიან? რას აშავებენ, სანამ შენ გძინავს, იბან, ღვინოს, ჩაის ან ყავას სვამ, კითხულობ ან ტელევიზორს უყურებ, მუშაობ ან უსაქმურობ, ეკოლოგიაზე ზრუნავ, წართმეულ ღირსებას მისტირი ან ლოკალურ უსამართლობას ებრძვი?
25. შენს ფსიქოპორტრეტს ხომ არ ადგენენ? ხომ არ ფიქრობენ, როგორ შეცვალონ შენი ცხოვრება ისე, რომ რუტინას არ მოგწყვიტონ? ხომ არ ითვლიან, რა გაბრაზებს, რომ გაგაბრაზონ და გმართონ? რამე უკეთურს ხომ არ გეგმავენ? ხომ არ გიქმნიან ვირტუალურ რეალობას, რომელიც აღგაშფოთებს და გაგაკეთებინებს იმას, რაც შენი ნებით გაკეთებული გეგონება? – იმას, რასაც ბოლომდე დაიცავ, როგორც შენს არჩევანს, თუნდ მშვენივრად ხედავდე, რომ არჩევანმა არ გაამართლა?
26. თუ რუსეთის აგენტები ბუნებაში არსებობენ, მაშინ როგორ გამოიყურებიან ისინი? ციხიდან ახალგამოსულმა ერთმა ყოფილმა „პოლიტპატიმარმა" იკითხა: „ვგავარ ახლა მე რუსეთის აგენტს"? – არ ჰგავდა. მაშ, როგორ გამოიყურება „რუსეთის აგენტი"? რა გარეგნული მახასიათებლებით შეიძლება მისი გამორჩევა?
27. დავუბრუნდეთ შენს ღიმილნარევ კითხვას („ხომ არ შეიძლება, ყველგან რუსეთის აგენტები გელანდებოდეთ?"). – თუ რუსეთი კვლავ ჩვენს დამონებას ლამობს, თუ მისი აგენტები ბუნებაში (და, აქედან გამომდინარე, ჩვენს გარშემოც) არსებობენ, თუ მათ გარეგნულად ვერაფრით გამოვარჩევთ – მაშინ სად არიან ისინი? სად არის რუსეთის აგენტების დალანდვა ლეგიტიმური? სად შეიძლება ვიეჭვოთ მათი არსებობა ისე, რომ „ხალხის" გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ და ცუდ ტონად არ ჩაგვითვალონ?
28. დაბოლოს: რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ადამიანს ხელშეკრულება აქვს დადებული მეფისტოფელთან თუ უანგარო მავნებლობა მისი თანდაყოლილი ბუნებაა? ეს ხომ მხოლოდ ამ ადამიანის პასუხისმგებლობის სიმძიმეს განსაზღვრავს და არა შენთვის დამდგარ შედეგს?

მეხუთე ეპისტოლე

29. მომიტევე, თუ ისე ჩანს, თითქოს აშკარას გაძალებ, მაგრამ:
30. არცოდნა ცოდვაა.
31. არაკომპეტენტურობა რუსეთუმეობაა.
32. ამბიციური უმეცრება ქართული ტრადიციაა.
33. ყველა ტრადიცია კარგი არ არის...
34. ინდოეთის გამათავისუფლებელმა მაჰათმა განდიმ თქვა – ჯერ ყურადღებას არ გაქცევენ. შემდეგ დაგცინიან. მერე გებრძვიან. ბოლოს იმარჯვებ... 80-იანებში ყურადღებას არ გვაქცევდნენ. 90-იანებში დაგვცინოდნენ. 2000-იანებში – გვებრძოდნენ. ახლა, როცა გამარჯვების ჯერია – რას აკეთებ შენ? სად მიდიხარ? რას ელი? რაზე ფიქრობ? ფიქრობ კი საერთოდ?
35. „ნუ გიღალატებს მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. მოთმინება გმართებს, რათა აღასრულო შენი ნება და მიიღო აღთქმული. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ქებურია

კომენტარები