მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობი: ტელევიზიაში უნებართვო გამოსვლით მღვდელი სატანის გზას ირჩევს

მეუფე იაკობი
ipn.ge

პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობის თქმით, სასულიერო პირები კურთხევის აღების გარეშე აძლევენ ტელევიზიებს ინტერვიუებს. მეუფე იაკობმა 15 თებერვლის ქადაგებაში აღნიშნა, რომ როდესაც მღვდელი ეპისკოპოსს არ უთანხმებს ამა თუ იმ ქმედებას, ეს სატანის გზით სიარულია. მეუფე იაკობის თქმით, სწორედ ასე მოიქცა უმაღლესი ქერუბიმი, სატანა, როდესაც იერარქია არ დაიცვა და უფალს გაუთანაბრა თავი.

"სასულიერო პირებს სიყვარულით, თუმცა გულის ტკივილით მინდა მოგმართოთ. ამ ბოლო პერიოდში, ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, რომ დაგვმოძღვროს ეკლესია. როდესაც სასულიერო პირი პირველსავე დაძახილზე გარბიხარ და სტუდიაში ჯდები ისე, რომ არ კითხულობ, კურთხევას არ იღებ წახვიდე თუ არ წახვიდე.. რა, ვინმე ვინმეს უშლის სადმე წასვლას ან იმის შიში გვაქვს, რომელ ტელევიზიაში დაჯდება რომელი ადამიანი? ეს არავინ არ იფიქროს. ღმერთს არაფრის არ ეშინია და ეკლესიას არაფრის არ ეშინია. მაგრამ არის რჯულის კანონები, თუ მაცხოვარი იცავდა რჯულის კანონს, მაშინ რა უფლება გაქვს სასულიერო პირს, რჯულის წინააღმდეგ მიდიოდეს" - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მღვდელი არის ეპისკოპოსის დამხმარე და სადაც ეპისკოპოსი დაუწესებს, იმ სამრევლოში მოქმედებს და ქადაგებს. მისი თქმით, მღვდელი თუ ქვეყნის, ქალაქის ან რომელიმე ეპარქიის მასშტაბით გავა, იქ ადგილობრივ ეპისკოპოსს უნდა დაეკითხოს.

"თუ არ იცი რჯულის კანონიდან ეს მომენტი -  რომ არ შეიძლება ასე თავისუფლად დადიოდე სასულიერო პირი, მღვდელი, - მაშინ სად მიდიხარ და ვის რა უნდა ასწავლო თუ ეს უბრალო რამე არ იცი. თუ იცი და არ ასრულებ, კარგად უნდა გახსოვდეს რა დაემართა უმაღლეს ქერუბიმს, სატანას, როდესაც უფალს გაუთანაბრა თავი, ჩამოშორდა და გახდა სატანა. როდესაც პატრიარქის ეპარქიაში ანუ თბილისში მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და ადგილობრივ მღვდელმთავარს უნდა შეეკითხო.. რომ შეეკითხო, ცოტა ნაკლებად მაინც ხომ უნდა ჩათვალო თავი, მაგრამ თუ ტოლად თვლი, აღარ შეეკითხები, თუ მეტად თვლი, მითუმეტეს არ შეეკითხები. ამიტომ, საშიში ის კი არ არის, ტელევიზიაში მიხვიდე და ილაპარაკო, საშიში არის ის, რომ ისეთმა ადამიანმა რა უნდა ილაპარაკოს, რომელიც რჯულს არღვევს, რა უნდა გვასწავლოს" - ამბობს ქორეპისკოპოსი და აღნიშნავს, რომ "ღმერთი მოწყალეა, ეკლესიაც მოწყალეა და ჩვენ ვუყურებთ, რომ შემდგომში ეს შეცდომა აღარ გაიმეორონ".

მისივე თქმით, ღმერთს უნდა, რომ ყველა თავისუფალი იყოს.

"ეკლესიაში რომ თავისუფლებაა, სადაა მასეთი თავისუფლება, მაგრამ ყველაფერს თავისი რიგი აქვს, იერარქია ზეციდან მოდის, იერარქია სახელმწიფოშიც არსებობს, ხომ არ შეიძლება ერთი რაიონის გამგებელი სადღაც ცხრა მთას იქით სხვა რაიონს მართავდეს? მარტივად რომ მოგიყვანოთ მაგალითი. ასევე არ შეიძლება, მღვდელი რომ ხარ. როცა ხდებოდი მღვდელი, იცოდი რისთვის ხდებოდი, სად უნდა გემსახურა და სად იყავი დადგენილი, რომელ სამრევლოსთან და სად შეგიძლია ყურადღებაც მიაქციო, დამოძღვრო და გაუფრთხილდე თითოეულ ადამიანს. სხვაგან გასვლა თუ გინდა, მოდი და იკითხე რა, ვინ დაგიშალა? რომელიმე იტყვის, რომ მოვიდნენ და დაუშალეს? მაგრამ ის რომ თვითნებობას მივყვეთ და ასე ვიაროთ, სადაც ერთი თითს დაგიქნევენ - მოდი ჩემთან, ტელევიზიით გაჩვენებ და შენც კიდე გიხარია, რომ ხალხი გიყურებს და მრევლი გყავს, პუბლიკა გყავს, ასე ვთქვათ - ეს სირცხვილია. ამიტომ დაფიქრდით სასულიერო პირები.. ვის ჭკუაზე დადიხარ? მისი გადაცემა შეგიძღვება სასუფეველში? ხომ უნდა ფიქრობდე მაგას?!" - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა გუშინდელი ქადაგებისას.

ამასთან, მან თქვა, რომ ეკლესია ცოცხალ ორგანიზმია, რომელსაც დაავადებაც ახასიათებს ხოლმე. მეუფე იაკობი ამბობს, რომ ზოგჯერ იოლია დაავადება, ზოგჯერ შეიძლება კიბო იყოს და ამას თავის მკურნალობა უნდა.

"სასულიერო პირებს ვაკვირდები, ჩვენთან არც მოდიან, ვერც მოდიან, ვერც ბედავენ მოსვლას, რომ რამე ილაპარაკონ, და გამოდიან ტელევიზიებში. ალბათ, პოპულარობის მოხვეჭა უნდათ და ასეთია საპატრიარქო, ისეთია... რას არ იძახიან მღვდელმთავრებზე. თვითონ ვისგან აქვთ ხელდასმა მიღებული, თუ ასეთი ცუდები იყვნენ, რას იღებდნენ მისგან ხელდასხმას? დღეს სოროებში იმალებიან და ის არ შეუძლიათ, გამოვიდნენ და შეგვხვდნენ, იმიტომ, რომ იციან, ჩვენთან რომ მოვიდნენ სალაპარაკოც არა აქვთ.. ვიღაცეები თუ რაღაცას უხდიან, თორემ ... მოვიდნენ და ფაქტებით ილაპარაკონ, ზეპირი ლაპარაკი არაფერი არ არის. ჩვენ თუ ზომებს არ მივიღებთ, მერე წავიდნენ, სადაც უნდათ იქ ილაპარაკონ, მაგრამ ჩვენთან რომ არ მოსულან და სხვაგან რაღაცას ლაპარაკობენ, ეს უღირსი საქციელია, მშიშარა კაცის პოზიციაა და არ არის სასულიერო პირის პოზიცია. მე მზად ვარ, ნებისმიერ მასეთ სასულიერო პირს სადაც გაუხარდება იქ შევხვდე, დაველაპარაკო, ავუხსნა. მერე ან იმათ დაუჯეროს, ვინც მაგათ მართავს და ან ეკლესიას დაუჯეროს" - თქვა ქორეპისკოპოსმა და აღნიშნა, რომ  სასულიერო პირს პოპულარობის მოხვეჭა ტელეგადაცემებით არ უნდა მოუნდეს.

"ადამიანი გონიერი არსებაა და უნდა იფიქროს თუ რას ელის უფალი მისგან და ჩვენ, სასულიერო პირებმა პირველ რიგში უნდა ვაჩვენოთ მორჩილების, მოთმინების, სიმდაბლის, სიყვარულის მაგალითი ყველას. ეს რომ არ მეთქვა, თქვენი მტერი ვიქნებოდი" - ამბობს მეუფე იაკობი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე" სტუმრობისთვის, საპატრიარქომ რამდენიმე მღვდელი ზნეობრივ კომისიაზე დაიბარა.

კომენტარები