შეტაკებები უკრაინაში

ნანუაშვილი: უკრაინაში მოლაპარაკებებს არანაირი ალტერნატივა არ აქვს

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განსამუხტად მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ძალადობა კვლავ გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ესკალაციას აქვს ადგილი. პირველ რიგში, უნდა შეწყდეს ძალადობა და გაგრძელდეს რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებს არანაირი ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ნანუაშვილმა.

უკრაინაში გუშინდელი შეტაკებებისას, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავებისა და ოპოზიციონერების ინფორმაციით, დაღუპულთა ნაწილს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს. დაღუპულებს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა, 1 - "ვესტის" ჟურნალისტი, ასევე დაღუპულია 9 პოლიციელი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ათეული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კიევში ასევე დაშავდა რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი აქტივისტი.

ამასთან, ოპოზიციის მოლაპარაკებები პრეზიდენტ იანუკოვიჩთან უშედეგოდ დასრულდა. უდარის ლიდერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, იანუკოვიჩი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

კომენტარები