არეულობა უკრაინაში

ბილდტი: რუსეთის მხრიდან მუქარა რომ არა, უკრაინა დღეს ევროპის გზაზე იქნებოდა

რუსეთის მხრიდან მუქარა რომ არა, უკრაინა დღეს ევროპის გზაზე იქნებოდა - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი მიძღვნილ, სპეციალურ განცხადებაში წერს.

ევროპაში ბნელი დღე დადგა ასე დაასათაურა კალრ ბილდტმა თავისი წერილი. ბილდტის წერს, რომ უკრაინელ ხალხს დემოკრატია, რეფორმები და ევროინტეგრაცია სურს და მათ სურვილს რუსეთი დაუპირისპირდა, რომელსაც არ სურს უკრაინა ევროპის ნაწილი გახდეს.

”მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და რეალურ მიზეზებზე ვისაუბროთ. გასულ ზაფხულს რუსეთმა ცალსახა ზეწოლა განახორციელა უკრაინაზე და ძალის გამოყენებით ქვეყანას არჩეული კურსი შეაცვლევინა. სასტიკი სავაჭრო ბარიერები შეუქმნა და ღიად დაემუქრა. რასაც უკრაინის მერყევმა მთავრობამ ვერ გაუძლო და დანებდა. დანებება კი უკრაინელმა ხალხმა ღალატად აღიქვა. ისინი უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ. მოსკოვის მხრიდან მუქარა, რომ არა უკრაინა დღეს დიდი ალბათობით უკეთესი მომავლის გზაზე იქნებოდა. თუმცა ძლევამოსილ ძალებს არ სურდათ უკრაინა ევროპის ნაწილად ეხილათ და უკრაინის ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების დახოცვაზე პასუხი სწორედ აქ უნდა ვეძიოთ, სწორედ აქ იმალება უდიდესი სიცრუე” - წერს ბილდტი.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტი იანუკოვიჩის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას შეეძლო ეს სისხლისღვრა შეეჩერებინა.   

”პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელები სისხლითაა მოთხვრილი. და ვშიშობ, რომ გზა რომელიც მან აირჩიე კიდევ უფრო მეტ ტანჯვასა და ძალადობას მოიტანს. ის ერთადერთი იყო, ვისაც მკვლელობების შეჩერება შეეძლო, ამისათვის დემოკრატიული ოპოზიციისთვის ხელის გაწოდება იყო საჭირო. გაშლილი ხელის ნაცვლად კი ჩვენ მუშტი დავინახეთ” - განაცხადა ბილდტმა.

ბილდტის აზრით უკრაინაში ბნელი ეპოქა დგება, თუმცა ის იმედოვნებს, რომ უკრაინელი ხალხის ევროპული ოცნება გაიმარჯვებს და ქვეყანა დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდება.  

”ვშიშობ უკრაინაში ბნელი ეპოქა დგება. ქვეყანაში კრიზისი უფრო გრძელი და ღრმა იქნება და ეს მე ძლიერ მაშფოთებს. ჩვენ მზად ვართ უკრაინას ეკონომიკური დახმარება გავუწიოთ და რეფორმებში დავეხმაროთ. რაც ხდებოდა და ხდება უკრაინაში ყველა საშინელებასთან ერთად არის ევროპული ოცნების დემონსტრაცია. ევროპისა რომელიც მშვიდობის, თავისუფლებისა და თანამშრომლობის სიმბოლოა. ადრე თუ გვიან, ის უკრაინაშიც იზეიმებს” - წერს ბილდტი.  

კომენტარები