კონსტიტუციის დღე

საქართველოში 1921 წლის კონსტიტუციის მიღების დღეს აღნიშნავენ

საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლის პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუციის დღე აღინიშნება. აღნიშნული დოკუმენტი იმ დროისთვის განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი იყო. ამ კონსტიტუციით ქალებს ხმის უფლება მიენიჭათ.

პირველ კონსტიტუციაში სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი იყვნენ, კონსტიტუცია აცხადებდა, რომ "არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა; ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია".

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია, პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

"1921 წლის დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია, ეს არის მნიშვნელოვანი როგორც სამართლებრივი ისტორიული დოკუმენტი. სამწუხაროდ, მას დიდი ხანი არ უმოქმედია, შესაბამისად, უკვე საბჭოთა პერიოდში ტაბუ იყო დადებული მის შესწავლასა და კვლევებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მე მგონი კარგად არ იცის და ჩვენ ვცდილობთ, რომ სამეცნიერო წრეებში, უნივერსიტეტებსა თუ სხვა დაწესებულებებში უფრო აქტიურად ვისაუბროთ ამ კონსტიტუციაზე, მით უმეტეს, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია იმ პერიოდისათვის", - განაცხდაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა.

"როგორც ერთი დიდი ამერიკელი ფილოსოფოსი ამბობდა, მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ისტორია, რადგან თუ დაგვავიწყდება, მაშინ ჩვენ ვიქნებით განწირულნი მის გასამეორებლად. შესაბამისად, ჩვენ რასაკვირველია არ გვინდა, რომ გამეორდეს 1921 წლის ამბები, ჩვენ გვინდა, რომ გვახსოვდეს 18-21 წლის ისტორია, მისი მიღწევებით, როგორც ეს კონსტიტუცია იყო", - განაცხადა ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ.

კომენტარები