პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

უსუფაშვილი: პრეზიდენტმა პატრიარქს ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 21 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა თავისი ფუნქციებით ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს პატრიარქს.

"ამ ტიპის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არის ის, რომ შეუმსუბუქოს ტვირთი საქართველოს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას. საქართველოს პრეზიდენტმა მას უნდა შეუმსუბოს ის ტვირთი, რომელიც მას აწევს მორალური ავტორიტეტობის", - თქვა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, ხალხს მხოლოდ ზეციურ სასუფეველში სიმშვიდის პოვნის იმედი არ უნდა ჰქონდეს და მათ მთავრობამ საერო ცხოვრებაში უნდა მისცეს ბედნიერი ცხოვრების საშუალება.

"მე მინდა ბატონ პრეზიდენტს ვუთხრა, პარლამენტში პოლიტიკური დებატებისგან ყოველთვის შეიძლება საყურადღებო, რაციონალური მარცვლების აკრეფა მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვეჩვენება, რომ ერთსა და იმავეს ვიმეორებთ და ა.შ. მე მგონი, პარლამენტი შევეცადეთ, რომ წარმოვჩენილიყავით ისეთები, როგორიც ვართ და პრეზიდენტმა ეს უნდა იცოდეს - აი ეს ვართ, რაც ვართ, მოგწონვართ? კარგია, არ მოგწონვართ? თქვენც ალბათ გვეტყვით, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სახელისუფლებო სისტემა იმიტომ, რომ დღეს აქ მოქალაქე მარგველაშვილი არ მოსულა და არ ესაუბრება 100-ზე მეტ მოქალაქეს. აქ ინსტიტუტების შეხვედრაა დღეს, აქ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა, რომ ჯამში, ყველამ ასე შევხედოთ ამ მოვლენას", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გამოსვლისას იმ მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა, რომელზეც ყურადღება საპარლამენტო ოპოზიციამ გაამახვილა, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციაზე. მან ოპოზიციას გარიგება შესთავაზა.

"უმცირესობის ლიდერს შევთავაზებ ასეთ რამეს, შესაძლო შეთანხმებას: მან ბევრი ისაუბრა იმაზე, პრეზიდენტი რატომ არ ბრუნდება იმ სასახლეში, რომელიც პრეზიდენტისთვის აშენდა. უმცირესობის ლიდერი დაბეჯითებით ურჩევს პრეზიდენტს, რომ დაბრუნდეს იმ სასახლეში, ზედმეტ ხარჯებს თავი აარიდოს და ა.შ.

მე არ გავყვები პარლამენტის შენობების ისტორიას, უბრალოდ გთავაზობთ, დღეს აქ ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვუყაროთ კენჭი პარლამენტის იმ შენობაში დაბრუნებას, სადაც ადრე მუშაობდა და მე გპირდებით, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, შესაძლოა დავითანხმო პრეზიდენტი, რომ დაბრუნდეს იმ შენობაში, სადაც პრეზიდენტი იჯდა. თქვენ გაქვთ ათიოდე წუთი ამ წინადადებაზე დასაფიქრებლად", - მიმართა დავით უსუფაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციამ მისი შეთავაზება არ მიიღო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რთული გზის გავლა უწევს, რა დროსაც ყველას მართებს მოთმინება.

"ძალიან ბევრი რამის მოთმენაზე ვარ მზად, ძალიან ბევრი რამის ატანისთვის ვარ მზად ყველასგან იმისთვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს და წარმატებულად გავიაროთ ეს ეტაპი. მოვითმინოთ ბევრი რამ, ეს მართლა ის საკითხია, როცა უნდა ვიყოთ ჭკუით და არ შეგვეშალოს ამ სტრატეგიულ საკითხში", - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები