ელჩების დანიშვნა

პრეზიდენტმა მოლდოვასა და საუდის არაბეთში ელჩები დანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში და მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. მოლდოვაში საქართველოს ელჩი მერაბ ანთაძე იქნება, ხოლო საუდის არაბეთის სამეფოში - გიორგი ჯანჯღავა.

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა #25/02/01 და #25/02/02 განკარგულებები მერაბ ანთაძის მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნისა და გიორგი ჯანჯღავას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ მერაბ ანთაძე 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამში“. ანთაძე მოლდოვის რესპუბლიკაში საქმიანობას 2014 წლის 1 მარტიდან შეუდგება.

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ცნობითვე, გიორგი ჯანჯღავა 2013 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას ირლანდიაში. ჯანჯღავა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობას 2014 წლის 3 აპრილიდან დაიწყებს.

კომენტარები