პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ტიგრან სარქისიანს ოფიციალურ სადილზე შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ქართული დელეგაცია პრეზიდენტის მეთაურობით სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საპარლამენტო მეგობარი ჯგუფების ურთიერთობების ინტენსიფიკაციას.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილი სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.

კომენტარები