სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ტაბულას ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მედიაგარემო ზოგადად გაუმჯობესდა, თუმცა, დარჩა პრობლემები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, რამაც გააძლიერა ბრალდებები, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, მედიის სიტყვის თავისუფლება ძირითადად დაცული იყო, თუმცა, იყო ცალკეული შემთხვევა, როცა თანამდებობის პირი ჟურნალისტს გამოქვეყნებული მასალის გამო დაემუქრა კასპში. მედიაგარემო 2013 წელს იყო პლურალისტური, ინფორმაციის მთავარ წყაროდ ქვეყანაში ტელევიზია რჩება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელში დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის ტოქ-შოუების დახურვის ფაქტზე.

ანგარიშში ყურადღება ასევე დაეთმო მასობრივი რეიდებისას ტაბულას ჟურნალისტის გიორგი სიხარულიძის ჩხრეკისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტაბულამ თავისი ჟურნალისტის ჩხრეკა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება უკანონოდ მიიჩნია, სწორედ ამიტომ მან შსს-ს გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა, სამართალდამცავმა უწყებამ ბრალდება უარყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ინტერნეტში ცენზურის ფაქტი საქართველოში 2013 წელს არ დაფიქსირებულა.

კომენტარები