დაძაბულობა ყირიმში

ყირიმში რუსმა სამხედროებმა აეროპორტები დაიკავეს

facebook.com/adagamov

რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ყირიმის აეროპორტები ბელბეკი და სიმფეროპოლი დაიკავეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, შეიარაღებული სამხედრო პირები, რომლებმაც ღამით აეროპორტების ბლოკირება მოახდინეს, რუსეთის ჯარებისადმი თავის კუთვნილებას არ მალავენ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, „ეს უკრაინაში შეიარაღებულ შემოჭრას და ოკუპაციას ნიშნავს".

აეროპორტები ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება მიიღო და რუსეთისგან ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის შეწყვეტა, ხოლო გაეროსგან - უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა. რადამ ასევე მიმართა 1994 წელს ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმის სხვა მონაწილეებსაც, შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ დოკუმენტით, რომელსაც უკრაინა, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი აწერენ ხელს, უკრაინა უარს ამბობს ატომურ იარაღზე სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ.

27 თებერვალს, მას შემდეგ რაც ყირიმის პარლამენტისა და მთავრობის შენობები შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, ადგილობრივმა პარლამენტმა დანიშნა რეფერენდუმი ავტონომიის სტატუსის შესახებ და ახალი პრემიერმინისტრი - პრორუსული ორგანიზაციის ლიდერი სერგეი აქსენოვი აირჩია. ახალმა პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებად მხოლოდ პრეზიდენტ იანუკოვიჩს აღიარებს.

ამავე დროს, შეერთებული შტატები ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის პრეზიდენტად არ ცნობს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი უკრაინაში ახალი მთავრობის შექნას მიესალმება.

კომენტარები