მოვლენები უკრაინაში

ენმ მთავრობას მოუწოდებს დაგმოს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ

ნაციონალურმა მოძრაობამ საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, რომელიც თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ წაიკითხა. ენმ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს უკრაინის მხარდასაჭერად. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”ორი საათის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს მოსთხოვა და უკვე მიიღო ნებართვა უკრაინაში შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე. პოლიტიკური აგრესია, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა რუსეთის მიერ, უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსის შესაცვლელად და რომელმაც მარცხი განიცადა კიევსი განვითარებული დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, ჯერ გადაიზარდა არადეკლარირებულ სამხედრო აგრესიაში, დღეიდან კი ღია, დეკლარირებულ სამხედრო აგრესიაში სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის შეიცავს სასიცოცხლო საფრთხეს, არამედ საქართველოსთვისაც და მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.

საქართველოს კარგად ახსოვს როგორ გახდა ანალოგიური აგრესიის მსხვერპლი მრავალჯერ, მათ შორის ბოლოს, 2008 წლის აგვისტოში. როცა საქართველოში რუსეთის ინტერვენცია განხორციელდა, რომლის შედეგადაც დღეს ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. აქედან გამომდინარე აუცილებლად ვთვლით, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად და დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ, ხვალ, მოიწვიოს საგანგებო სესია ერთადერთი საკითხით დღის წესრიგში - მივიღოთ რეზოლუცია რომელიც თანადგომას გამოუცხადებს სამხედრო აგრესიის წინაშე მდგარ უკრაინას. საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ გამართოს კონსულტაცია დემოკრატიული უკრაინის მთავრობასთან, თუ რა ფორმით შეგვიძლია ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის დახმარების გაწევა. საქართველოს მთავრობა გამოვიდეს რეგიონალური ინიციატივით, უკრაინის მხარდასაჭერად რეგიონის ქვეყნების მიერ ერთობლივი პოზიციის ფორმირების თაობაზე” - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 

კომენტარები