ლიბანი

სამოქალაქო დაპირისპირება ლიბანში

გიორგი გუშარაშვილი
0 კომენტარი

ახლო აღმოსავლეთის კონფესიური გეოპოლიტიკის ახალი კერა

2013 წლის 27 დეკემბერს ლიბანელ პოლიტიკოს მოჰამედ შატაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა: ავტომანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა ლიბანის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იმსხვერპლა. შატას სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა მის მიერ ირანის პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილი, სადაც ლიბანელი პოლიტიკოსი ირანისგან ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მხარდაჭერის შეწყვეტას მოითხოვდა და ამას ლიბანის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ძალის გამოყენებაზე სახელისუფლო მონოპოლიის შენარჩუნების ინტერესებით ასაბუთებდა.

კონფესიური დაპირისპირება

შატას წერილის საფუძველი ლიბანში არსებული პოლიტიკური კონფლიქტია. ეს შესაძლოა მალე გადაიზარდოს სამოქალაქო ომში, რასაც უკვე ჰქონდა ადგილი 1975-1990 წლებში და რასაც ხელს უწყობს მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი. სირიის მსგავსად, ლიბანიც კონფესიურად ჭრელი ქვეყანაა, თუმცა განსხვავებით სირიისგან, არცერთი კონფესია არ წარმოადგენს მოსახლეობის უმრავლესობას. უკანასკნელი შეფასების თანახმად, შიიტი მუსლიმები, სუნიტი მუსლიმები და ქრისტიანები მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ. ქრისტიანები, თავის მხრივ, ფრაგმენტირებულნი არიან სხვადასხვა დენომინაციებად, რომელთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანსა და გავლენიანს მარონიტები წარმოადგენენ. მარონიტები რომთან უნიაში მყოფი ახლო აღმოსავლელი (ორიენტალი) ქრისტიანები არიან და წარსულში ლიბანის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ. სწორედ მარონიტების ინტერესებიდან გამომდინარე, ფრანგულმა კოლონიურმა ადმინისტრაციამ – რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანისა და სირიის მართვის მანდატი მიიღო – ლიბანი სირიისაგან გამოყო და ამით მის დამოუკიდებლობას ჩაუყარა საფუძველი. XX საუკუნის განმავლობაში ლიბანში დემოგრაფიული ვითარება მუსლიმების სასარგებლოდ შეიცვალა, რაც ქრისტიანების უფრო ინტენსიური ემიგრაციითა და შობადობის დაბალი კოეფიციენტით აიხსნება.

ჰეზბოლას მეომრები
ლიბანურ საზოგადოებაში, ისევე როგორც მთელ ახლო აღმოსავლეთში, ეროვნულ იდენტობაზე ძლიერი კონფესიური იდენტობა და ნათესაური კლანისადმი ერთგულებაა. 1975-1990 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომში კონფესიური ფაქტორი მართალია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, თუმცა ომს მთლიანად კონფესიური ხასიათი არ ჰქონია. პოლიტიკურად მემარჯვენე მარონიტები კონსერვატულად განწყობილ ბევრ მუსლიმთან ერთად მემარცხენე პალესტინელებს ებრძოდნენ, რომლებსაც სხვა მუსლიმი ლიბანელების მხარდაჭერა ჰქონდათ, განსაკუთრებით კი შიიტი მუსლიმების, რომლებიც ლიბანში, ისევე როგორც სხვა არაბულ ქვეყნებში, მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენას წარმოადგენენ.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ლიბანურ საზოგადოებაში კონფესიური დაყოფა და დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა. პოლიტიკის კონფესიონალიზაციას ხელი შეუწყო ლიბანისთვის ტიპურმა კვოტების სისტემამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი გარკვეული პროპორციითაა წარმოდგენილი. ამის პარალელურად, ყველა სამხედრო დაჯგუფება განიარაღდა ერთის გამოკლებით: ირანის მიერ იარაღით და ფულით მომარაგებული შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლა, რომელიც თავისი არსებობის მიზანს ისრაელთან კონფრონტაციაში ხედავს და ტერორისტულ მეთოდებს როგორც ისრაელის, ისევე ლიბანელი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

ჰეზბოლას მჭიდრო კავშირები აქვს არა მხოლოდ ირანთან, არამედ ირანის მოკავშირე სირიის რეჟიმთანაც, რაც სირიის სამოქალაქო ომში ლიბანის ჩართულობისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. სამოქალაქო ომის პერიოდში ისრაელმა და სირიამ ლიბანის ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელეს და სამოქალაქო ომის მონაწილეებს იარაღით ამარაგებდნენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ჰეზბოლასა და სირიას შორის თანამშრომლობა სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სირია დიდი ხნის განმავლობაში ლიბანის დამოუკიდებლობას ფრანგი კოლონიალისტების მიერ თავსმოხვეულ სეპარატიზმად მიიჩნევდა და პატარა მეზობელს არ აღიარებდა.

XXI საუკუნის დასაწყისში ლიბანში ორი პოლიტიკური ბანაკი ჩამოყალიბდა. სუნიტები და ქრისტიანების უმრავლესობა ლიბანის პროდასავლურ ორიენტაციასა და ისრაელთან მშვიდობიან თანაარსებობას უჭერენ მხარს, ხოლო შიიტები და ქრისტიანთა მცირე ნაწილი ირანსა და სირიის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ხედავს საკუთარი ქვეყნის მომავალს, რაც ასევე გულისხმობს ისრაელთან კონფრონტაციას. ლიბანის პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. თუკი ირანი და სირია ჰეზბოლას აფინანსებენ, ლიბანელ სუნიტებს საუდის არაბეთის სახით ჰყავთ გავლენიანი და ფინანსურად ძლიერი მფარველი. წამყვანი პოლიტიკური პარტიის – 14 მაისის მოძრაობის – ლიდერი, საად ჰარირი (ჰეზბოლას მიერ მოკლული ყოფილი პრემიერმინისტრის, რაფიკ ჰარირის ვაჟიშვილი) საუდის არაბეთშია დაბადებული და ორმაგი, ლიბანის და საუდის არაბეთის მოქალაქეობა აქვს. ჰარირი, რომელიც მილიარდერია, ბოლო სამი წლის განმავლობაში პარიზში ცხოვრობს, რასაც სირიის რეჟიმის მიერ მისი მოკვლის საფრთხით ხსნის.

სირიის სამოქალაქო ომის ეფექტი

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა – რომელიც ლიბანის 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის მსგავსად, კონფესიურ ხასიათს ატარებს – ლიბანის კონფესიურ ჯგუფებსა და მათზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას შეუწყო ხელი. ლიბანელი სუნიტები იზიარებენ თავიანთი სირიელი თანამორწმუნეების მტრობას ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ როცა შიიტური ჰეზბოლა 2012 წლიდან მოყოლებული სამოქალაქო ომში ასადის მხარეზე იბრძვის. ლიბანში მრავლად არიან სირიელი ლტოლვილები. შეიარაღებული შეტაკებები ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პერიოდულად ხდება ლიბანის ტერიტორიაზეც და მასში ჩართულები არიან ადგილობრივი ლიბანელები, რომლებიც კონფესიური ნიშნით უპირისპირდებიან ერთმანეთს.

2013 წლის განმავლობაში ლიბანში 100-მდე ადამიანი მიზანმიმართული ტერაქტების მსხვერპლი გახდა. ირანისა და ასადის რეჟიმისათვის მიუღებელი პოლიტიკოსების მკვლელობას ხშირად აქვს ადგილი. ჩატას მკვლელობამდე ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ყოფილი სუნიტი პრემიერმინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობა რამდენიმე წლის წინ, რომელზეც საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ პასუხისმგებლობა ჰეზბოლას დააკისრა. ეს მოვლენები ქმნის საფრთხეს, რომ შესაძლოა მალე ლიბანიც, მეზობელი ქვეყნის მსგავსად, სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის ასპარეზი გახდეს.

ირანისა და საუდის არაბეთის ინტერვენცია

ამ ტენდენციას ხელს უწყობს საგარეო ინტერვენციაც. ირანის მიერ ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდებას უკვე 30-წლიანი ტრადიცია აქვს, რის საპირწონედაც ბოლო ხანებში საუდის არაბეთმა ლიბანის არმიის მომარაგება დაიწყო. სუნიტური საუდის არაბეთი და შიიტური ირანი მთელ ახლო აღმოსავლეთში იბრძვიან გავლენის სფეროებისა და ერთმანეთის დაბალანსებისათვის და თავიანთ ერთმორწმუნეებს სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკურ პლაცდარმად ან პოტენციურ მეხუთე კოლონად იყენებენ. ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კონფესიური ხასიათი ამგვარი პოლიტიკისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. არმიისთვის საუდის არაბეთის მხრიდან იარაღის მიწოდება, ამ აქამდე პოლიტიკურად ნეიტრალური და ზეკონფესიური ინსტიტუციის კონფესიონალიზაციის საფრთხეს ზრდის.

საად ჰარირი
საუდის არაბეთის მიერ ლიბანისათვის გამოყოფილი გრანტი 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა ლიბანის მთელი სამხედრო ბიუჯეტის მოცულობა 1,7 მილიარდი დოლარია. ეს ფული გათვალისწინებულია საფრანგეთისგან სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვისთვის. ლიბანის არმიის გადაიარაღებას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა საუდის არაბეთის პოლიტიკური მიზნები, რომლებმაც მას ამ გრანტის გამოყოფისკენ უბიძგა, უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში განხორციელებადია. ამ კონტექსტში შემთხვევითი არ არის, რომ ლიბანისთვის დახმარების გამოყოფის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება, მოჰამედ შატას მკვლელობის მომენტს და ამით გამოწვეულ ემოციურად დაძაბულ ფონს დაემთხვა.

New York Times-ის ანალიტიკოსები საუდის არაბეთის მიერ ლიბანის არმიისთვის გამოყოფილ გრანტს ობამას ადმინისტრაციის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას უკავშირებენ. აშშ-ის მიერ ირანთან ბირთვული გარიგების ხელმოწერამ და სირიაში ინტერვენციაზე უარის თქმამ, საუდის არაბეთს ირანის გავლენის წინააღმდეგ უფრო აგრესიული რეგიონული პოლიტიკის გატარებისაკენ უბიძგა. საუდის არაბეთის მიზანს ლიბანის არმიის ინსტრუმენტალიზაცია წარმოადგენს, რათა მან ჰეზბოლას წინააღმდეგ იმოქმედოს. მოვლენების ამგვარის სცენარით განვითარებით, საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ სირიის სამოქალაქო ომში სასწორი მეამბოხეებისაკენ გადაიხრება, რადგან ჰეზბოლას მონაწილეობამ ბაშარ ასადის მხარეზე მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის ფაქტი, რომ ასადი სირიაში დღემდე ხელისუფლების სათავეში რჩება.

ლიბანის არმიის მიერ ჰეზბოლას განადგურების მცდელობა ლიბანშიც გამოიწვევს ძნელად განსაჭვრეტი ხანგრძლივობის და შედეგების მქონე სამოქალაქო ომს. ირანი (და შესაძლოა რუსეთიც) ძალთა ბალანსის საუდის არაბეთის სასარგებლოდ შეცვლის პერსპექტივას იოლად ვერ შეეგუება და ყველა ღონეს იხმარს სირიულ-ლიბანური პლაცდარმის შესანარჩუნებლად.

პოლიტიკური კრიზისი

სამოქალაქო ომისათვის პოლიტიკურ ნიადაგს ამზადებს ის ფაქტიც, რომ ლიბანის საზღვარგარეთიდან დასპონსორებული პოლიტიკური პარტიები უკვე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებენ მთავრობის ფორმირებას, რის გამოც ქვეყანას დროებითი მოვალეობის შემსრულებელი კაბინეტი მართავს. ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტი იმდენად სუსტია, რომ მისი მმართველობა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე რეალურს.

კრიზისის გამძაფრების საფრთხეს ქმნის ჰააგაში რაფიკ ჰარირის მკვლელობის პროცესის დაწყებაც. მკვლელობაში ჰეზბოლას წევრებს ედებათ ბრალი, თუმცა ჰეზბოლა ისრაელს ადანაშაულებს. თუკი პროცესი ჰეზბოლას ლიდერების პასუხისმგებლობას გამოააშკარავებს, შიდაპოლიტიკური დაძაბულობა პიკს მიაღწევს.

ლიბანის მომავალი დიდწილად სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგებზეა დამოკიდებული. თუკი ასადის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს, ჰეზბოლაც შეინარჩუნებს მოკავშირეს, რომელიც მას ლიბანის შიგნით პოლიტიკური ოპონენტების ტერორიზების და ისრაელზე ტერორისტული თავდასხმების საშუალებით ამარაგებს. ასეთ შემთხვევაში, ლიბანი შესაძლოა კვლავ გადაიქცეს ისრაელსა და სირიას შორის საომარი მოქმედებების პოლიგონად.

თუკი სირიის სამოქალაქო ომი გაგრძელდება და კიდევ უფრო გამძაფრდება, ის დიდი ალბათობით ლიბანზეც გავრცელდება და ქვეყნის შიიტურ და სუნიტურ მოსახლეობას შორის სამოქალაქო ომს გამოიწვევს, რომელსაც „მოადგილეების ომის" ხასიათი ექნება, რამდენადაც მას ირანი და საუდის არაბეთი დაასპონსორებენ. ამას ასევე მოჰყვება ჯიჰადისტების შემოდინება მთელი მსოფლიოდან „ურჯულოების" წინააღმდეგ „წმინდა ომში" მონაწილეობის მისაღებად, რაც უკვე ხდება სირიაში.

ლიბანისათვის საუკეთესო სცენარი ასადის რეჟიმის სწრაფი დამხობა და სირიაში ზომიერი სუნიტების ხელისუფლების სათავეში მოსვლაა, რაც ჰეზბოლას იზოლირებას და მისი გავლენის შესუსტებას გამოიწვევდა. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ლიბანს ექნება შანსი, თავიდან აიცილოს პაიკის ფუნქცია საუდის არაბეთსა და ირანს შორის გეოპოლიტიკურ მეტოქეობაში, მიაღწიოს სამოქალაქო კონსოლიდაციას და დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ყველა კონფესია თანაბრად იქნება წარმოდგენილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები