ვითარება უკრაინაში

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს პარლამენტი ხვალ განიხილავს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა. უმცირესობამ დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარუდგინა. რეზოლუციის პროექტს პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.

1. საქართველოს პარლამენტი გადაჭრით გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.

2. პოლიტიკური აგრესია, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა უკრაინის საგარეო–პოლიტიკური კურსის შესაცვლელად და რომელმაც მარცხი განიცადა კიევში განვითარებული დემოკრატიული რევოლუციის შედეგად, გადაიზარდა არადეკლარირებულ სამხედრო აგრესიაში, დღეისათვის კი უკვე ღია, დეკლარირებული სამხედრო აგრესიის ფორმა მიიღო სუვერენული ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

4. რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეს არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის და მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

5. საქართველოს კარგად ახსოვს, როგორ გახდა ანალოგიური აგრესიის მსხვერპლი მრავალჯერ, მათ შორის, ბოლოს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოში განხორციელდა რუსეთის ინტერვენცია და რომლის შედეგად დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - სადაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ეთნიკური წმენდა.

6. ამასთან, დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები იმეორებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ხაზს, რომელიც გულისხმობდა რუსული პასპორტების დარიგებასა და შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით სამხედრო ინტერვენციას, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ხალხის თავისუფალი არჩევანის მიუღებლობასა და მასთან დაპირისპირებას, ადგილობრივი მარიონეტი ლიდერების გამოყენებას აგრესიის სალეგიტიმაციოდ, რუსეთის მიერ შექმნილი და მართული არალეგარული შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებას და რუსეთის ჯარის უკანონო შეყვანა-გადაადგილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:

1. გამოხატავს უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას;

2. გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ სამხედრო პოლიტიკურ აგრესიას, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ინტერვენციას და მისი რეგიონის ოკუპაციას, ,,გავლენის სფეროების“ ცნებას და რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მცდელობას ამგვარ ,,გავლენის სფეროებში“ მოაქციოს საკუთარი მეზობლები;

3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად, დაგმოს რუსეთის თავხედური სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია; აწარმოოს აქტიური დიპლომატიური კამპანია რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური იზოლაციისა და მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების დასაწესებლად.

4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ გამართოს კონსულტაცია დემოკრატიული უკრაინის მთავრობასთან, საქართველოს მიერ ქმედითი დახმარების აღმოჩენის შესახებ;

5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება.

6. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღოს ეფექტური ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მისი საერთაშორისო იზოლაციისათვის, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო-პოლიტიკურ აგრესიას;

7. მოუწოდებს ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქმედითი ეკონომიკური დახმარება გაუწიოს უკრაინის ხელისუფლებას;

8. მოუწოდებს ევროპის კავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოს დ მოლდოვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად;

9. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება და აწარმოოს ფართე კამპანია 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად" - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

კომენტარები