თბილისის ბიუჯეტი

გრიგალაშვილი: სრულ უბიუჯეტობას შიხიაშვილის შედგენილი ბიუჯეტი ჯობია

medianews.ge

საკრებულოს უმცირესობა და დედაქალაქის მერია მზად არის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების თავმჯდომარის თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი იძულებული გახდა პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადაედო და თბილისის ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი შეემუშავებინა.

თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, "სრულ უბიუჯეტობას, რა თქმა უნდა, ირაკლი შიხიაშვილის შედგენილი ბიუჯეტი მაინც ჯობია". ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, უმცირესობა ბიუჯეტის პროექტის მუხლებს გაეცნობა და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ბიუჯეტის გარეშე არ დარჩეს.

"ჩვენი შეთავაზება და სიტყვა ძალაშია", - აღნიშნა გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"არაერთი დღის დაუღალავი შრომის შედეგად, თბილისის საკრებულომ შეიმუშავა ბიუჯეტის თავისი ვერსია. მასში გათვალისწინებულია რეგულაციები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევზღუდავთ ნაციონალური მოძრაობის ფილიალად გადაქცეულ მერიას. არ მივცემთ მას საშუალებას, ხელი აფათუროს ბიუჯეტში თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის მე-4 პროექტიც "განწირულია ჩასაგდებად“. შიხიაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები სწორედ საკრებულოს მიერ შემუშავებულ პროექტს დაუჭერენ მხარს.

ამასთან, 14:00 საათისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაბარებულია საკრებულოში, რათა მას ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი წარედგინოს.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი ორჯერ ჩააგდო.

თებერვლის ბოლოს, თბილისის მთავრობამ საკრებულოს საბიუჯეტო პროექტი კიდევ ერთხელ წარუდგინა. პროექტს 7 მარტს, დედაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

თუ თბილისს 11 მარტისთვის ბიუჯეტი არ ექნება, ქალაქში ცენტრალური მმართველობა დადგება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილსა და უმრავლესობას თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან გუშინ თქვა, რომ ძალაშია უმცირესობის შეთავაზება - "თუ წარმოდგენილ ვარიანტშიც უმრავლესობას აქვს შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარემ ისარგებლოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტით, შეიტანოს შესწორება, წარადგინოს თავისი ვარიანტი და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ მიერვე წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს". 

კომენტარები