თბილისის ბიუჯეტი

თბილისის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე მერიამ და საკრებულომ შეთანხმებას მიაღწიეს

news.ge

თბილისის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე მერიამ და საკრებულომ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ტაბულას საკრებულოში განუცხადეს. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები საკრებულოში მერიის წარმომადგენლებთან გუშინ 02:30 საათამდე გრძელდებოდა. შესათანხმებელი დოკუმენტის რეგულაციების ნაწილი დარჩა.   

”ცრუ ბრალდებები და შეურაცხმყოფელი პიარი საკრებულოსი მუდმივად გრძელდებოდა მათგან. მაგრამ ჩვენ ამით არ ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც თბილისელების წინაშე გვევალება. ჩვენ შევქმენით ბიუჯეტის ახალი ვერსია და რეგულაციები. ახლა ვალდებულნი არიან შეასრულონ ის სიტყვა, რომელიც თქვეს თბილისელების წინაშე. უაპელაციოდ მიიღონ ჩვენს მიერ შემუშავებეული ბიუჯეტის ვარიანტი  და ის რეგულაციებიც, რომელიც ჩავდეთ ბიუჯეტში”, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. 

თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე შეთანხმება კომპრომისების შედეგად მოხდა.

”შევთანხმდით ბიუჯეტის პარამეტრებზე თითქმის ბოლომდე. ჩვენ გვაქვს დარჩენილი რამოდენიმე საკითხი, რომელიც ეხება რეგულაციებს. რომელსაც გვთავაზობს საკრებულო. ეს არის რეგულაციები, რომლითაც საკრებულოს უნდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ჰქონდეს უფრო მეტი კონტროლი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს რეგულაციები არსებულ საკანონმდებლო ბაზაში მოვაქციოთ. თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით”, - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები საკრებულოში დღესაც გაგრძელდება. 18:00 საათზე კი საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც თბილისის ბიუჯეტი უნდა განიხილონ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი ორჯერ ჩააგდო.  თუ თბილისს 11 მარტისთვის ბიუჯეტი არ ექნება, ქალაქში ცენტრალური მმართველობა დადგება.

კომენტარები