უკრაინის კრიზისი

ყირიმის ანექსიის შემთხვევაში აშშ მოსკოვს დამატებით სანქციებს დაუწესებს

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში, აშშ მოსკოვის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს შემოიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ აღიარებს რეფერენდუმს ყირიმის რუსეთთან შეერთების შესახებ, რომლის გამართვაც 16 მარტს იგეგმება.
ბლინკენის განცხადებით, აშშ-ისა და მისი ევროპელი პარტნიორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკვე მიღებული ზომები მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სანქციებისა და ზეწოლის ზრდის „ძალიან მოქნილი და მკაცრი მექანიზმი არსებობს".

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციები სულ უფრო მეტად ხელშესახები ხდება და მისი არჩევანია, მიიღოს დიპლომატიური იზოლაცია და ეკონომიკური ზარალი, თუ დათანხმდეს დიპლომატიურ გადაწყვეტილებას და უკრაინის სუვერენიტეტი აღადგინოს.

მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი ვაშინგტონში მიიწვია.

კომენტარები