უწყებათაშორისი კომისია

ენმ უწყებათაშორისი კომისიის შექმნის დაჩქარებას ითხოვს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის დაჩქარებას ითხოვს. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, კომისიაში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები აუცილებელია.

"არასოდეს, ადრე, წინა უწყებათაშორის კომისიებში ასეთი შეზღუდვები არ ყოფილა. მაგალითად, არასოდეს არცერთი პარტია არ დაგვივალდებულებია, რომ წარმომადგენელი მხოლოდ ერთი წევრი ყოფილიყო და ეს მუდმივი წევრი იყოს. იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თავის საქმიანობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ დიდი ეფექტურობით ამ კომისიის მუშაობა ნამდვილად არ გამოირჩეოდა, კომისია შემოიფარგლებოდა მხოლოდ მშრალი რეკომენდაციების მიცემით და არავითარი მონიტორინგი არ მიმდინარეობდა - ესა თუ ის უწყება როგორ აღასრულებდა ამ რეკომენდაციას", - აცხადებს უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით კი, კომისია ვადებში დაკომპლექტდება.

"ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში არსებული უწყება ვადებში დაიწყებს ამოქმედებას", - აღნიშნავს ძიძიგური.

უწყებათაშორისი კომისია 31 მარტამდე უნდა დაკომპლექტდეს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დატოვა. პარტიის წევრების განცხადებით, ამის მიზეზი გახდა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობისადმი. მათი თქმით, წულუკიანი თავის ფუნქციას ხედავს არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობაში, არამედ მთავარი ოპოზიციური ძალის დევნაში. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევდა, რომ წინასაარჩევნო ზეწოლასა და დარღვევებზე უწყებათაშორისი კომისია რეაგირებას არ ახდენდა.

კომენტარები